მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 03:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

18 თვის ბავშვი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, 5 საათის შემდეგ მორგში ცოცხალი იპოვეს (უცხოეთი)

Prime Time July 11, 2026 12:40 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

არიზონას შტატში მომხდარმა შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 18 თვის ბიჭი, რომელიც საცხოვრებელი სახლის აუზში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, საავადმყოფოში გადაყვანიდან დაახლოებით ერთ საათში ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა. თუმცა, 5 საათის შემდეგ, ბავშვი საავადმყოფოს მორგში ცოცხალი ნახეს.

პოლიციის ახლად გასაჯაროებული ანგარიშის მიხედვით, შემთხვევის დროს ორი სამართალდამცველი და ერთ-ერთი ექთანი ექიმს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს სიცოცხლის ნიშნები კვლავ აღენიშნებოდა, თუმცა ექიმმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და სიკვდილი ოფიციალურად დააფიქსირა.

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები ცხედრის შესამოწმებლად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბავშვი სუნთქავდა. ის დაუყოვნებლივ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

პოლიციის ინფორმაციით, მცირეწლოვანი უკვე საავადმყოფოდან გაწერილია და რეაბილიტაციას აგრძელებს.

გამოძიების ფარგლებში პოლიცია ბავშვის მშობლებისთვის დაუდევრობის ბრალდების წაყენებას ითხოვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე მარიხუანის ძლიერი სუნი იდგა და არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი აუზთან უმეთვალყურეოდ სწორედ ამის გამო დარჩა. საქმეს ამჟამად პროკურატურა სწავლობს.

მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო იმ საავადმყოფომაც, სადაც ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ადმინისტრაციის განცხადებით, შემთხვევის ყველა გარემოება დეტალურად შეისწავლება, რათა მსგავსი შეცდომა მომავალში აღარ განმეორდეს.