ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან მარტივია მიხეილ სააკაშვილის სიტყვების გაგება, 21-ე საუკუნეში ქართველ ხალხთან სათქმელის მიტანის ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება არსებობს

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა, ივანიშვილი აპირებდეს, მას კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა აუკრძალოს, თუმცა 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანის იზოლაცია. ის ამბობს, რომ მაინც ექნება წვდომა საქართველოს მოსახლეობასთან, ქართველ ხალხთან სათქმელის მიტანის ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მარტივია სასამართლო პროცესზე სააკაშვილის სიტყვების გაგება.
„21-ე საუკუნეში სულ რომ ყველა სასამართლო სხდომა დახურო, მიხეილ სააკაშვილს არ მისცე საუბრის საშუალება, ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალებაა, რითაც საზოგადოებისთვის უფრო ხილული იქნება მისი დანახვა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ პარტიის ლიდერი და უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხთან ურთიერთობის საშუალება. სააკაშვილის სიტყვას პარტიაში და მომრჩევლისთვის სხვა წონა რომ აქვს, ეს ახალი არ არის. მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, სურს, საკუთარი აზრები დააფიქსიროს და საზოგადოებამ ეს აზრები მოისმინოს, ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 ივლისის სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მთლიანად თუ ჩამკეტავთ და ხალხს არ დამანახებთ, არა უშავს, უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ“.