“არც ნივთი ჩანს და არც ჩემი გადახდილი თანხა!” – “ფასდაკლების” ტყუილი აქციები და ონლაინ-ვაჭრობის სირთულეები: როგორ დავიცვათ თავი თაღლითური ვებგვერდებისგან

15-20-თუ ამ ნომერზე დაგვირეკავთ, ვეცდებით, თქვენი უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ერთხელ მაინც გამხდარა ონლაინ-ვაჭრობის მსხვერპლი. ამ ადამიანებმა, სოციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფიც” კი შექმნეს, სადაც ყველა დაზარალებული თავის ისტორიას ჰყვება:
მარიამ ელოშვილი: მართლაც, სასო მაქვს წარკვეთილი ამდენი მატყუარას ხელში! 12 ივნისს, ერთ-ერთი გვერდიდან ოქროს ნივთი გამოვიწერე. თანხაც გადავიხადე და შევთანხმდით, რომ ნივთს ოთხშაბათს მივიღებდი. ოთხშაბათიც გავიდა, ხუთშაბათიც, მაგრამ ნივთი ჩემამდე არ თუ ვერ მოვიდა. გამყიდველს მესენჯერში ვწერდი, ვურეკავდი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდგომ, თანხის უკან დაბრუნება მოვითხოვე, მაგრამ სულ ტყუილად. უკვე ივლისი დაიწყო, მესამე ოთხშაბათი გავიდა, მაგრამ არც ნივთი ჩანს და არც ჩემი გადახდილი თანხა! არ მოტყუვდეთ და ჩემსავით არ ენდოთ ასეთ თაღლითებს.
ბარბარე ოსიაშვილი: სამი თვის წინ, ერთ-ერთი ონლაინ-გვერდიდან, ფეხსაცმელები გამოვიწერე. ვითომ აქცია ჰქონდათ – 1+1. არც მპასუხობენ, არც თანხას მიბრუნებენ და არც ფეხსაცმელები ჩანს. ჩემი რჩევაა: საეჭვო ვებგვერდებიდან არაფერი გამოიწეროთ.
თამუნა შახპარუნოვი: ბავშვისთვის გამოვიწერეთ მანქანა, 450 ლარი გადავიხადეთ და ორ დღეში გაფუჭდა. რომ დავრეკე, არც კი დაინტერესდნენ, რა სჭირდა მანქანას, რას მოვითხოვდი და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ცინიკური პასუხი გამცეს.
ხატია ლომიძე: ონლაინ-მაღაზიიდან სპორტული ტანსაცმელი შევიძინე, მაგრამ არასწორი ნივთი მომიტანეს. პრობლემის შესახებ რომ მივწერე, მარწმუნებდნენ, რომ რაღაც მე მეშლებოდა… მოგვიანებით, ყველა სოციალურ ქსელში დამბლოკეს. ლამის, გველეშაპის დამარცხება მომიწია, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. არსებობს თუ არა უწყება, რომელიც ამ ადამიანებს უპასუხებს და როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ინტერნეტ-თაღლითებისგან?
ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ამათ ამაროვი:
– შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ “მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ” კანონი საქართველოში 2022 წელს ამოქმედდა. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს მოვაჭრის და მომხმარებლის უფლებებს, ხოლო ჩვენი უწყება მათ უფლებებს იცავს. კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ონლაინ-მაღაზიამ, ან სავაჭრო ობიექტმა, სადაც ნივთს ვყიდულობთ, ამ ნივთზე სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ.
– რა უნდა ვიცოდეთ, როცა ნივთს ინტერნეტით ვუკვეთავთ?
– ამ დროს, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობის შესახებ, კერძოდ: ვებგვერდზე უნდა ჩანდეს თუ ვინ არის გამყიდველი
– იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირია, უნდა გავიგოთ მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, ხოლო თუ კომპანიაა, მაშინ გვერდზე მისი საიდენტიფიკაციო კოდიც უნდა ჩანდეს. ასევე, მყიდველმა ონლაინ-მაღაზიის მისამართიც უნდა იცოდეს, რატომ? თუ ნივთი მალე დაზიანდება, შეეძლოს კომპანიას მიმართოს და მისი შეცვლა მოითხოვოს. ხშირად, მოვაჭრეს გასაყიდი ნივთის ფასიც კი არა აქვს მითითებული, რაც ასევე დარღვევაა.
– როგორ მოვიქცეთ, როცა ონლაინ-მაღაზია (თუ კერძო პირი) დაზიანებულ, დაფხაჭნილ, ან გაცვეთილ ნივთს გვიგზავნის?
– თუ მყიდველმა წინასწარ იცის, რომ ნივთი მეორადია და შეიძლება რაღაც ნაკლი ჰქონდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მოვაჭრე გაუფრთხილებლად ყიდის ძველ, დაზიანებულ ნივთებს, ეს უკვე კანონის დარღვევაა. ბევრს ჰგონია, რომ ახლად შეძენილი ნივთის გარანტია ერთწლიანია, მაგრამ კანონით, გარანტია ორწლიანი უნდა იყოს. თუ ნივთი გამოვიწერეთ და დაზიანებული, გაცვეთილი, ან ცუდი ხარისხის აღმოჩნდა, ორი დღის განმავლობაში შეგვიძლია გამყიდველს მივმართოთ და მისი შეცვლა, ან შეკეთება მოვთხოვოთ. თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ მომხმარებელს სრული უფლება აქვს, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს.
– რა არის საჭირო, რომ დაზარალებულმა მოქალაქემ თქვენს დეპარტამენტს მიმართოს?
– ჩვენთან მომართვა სრულიად უფასოა. ყველას შეუძლია, განცხადება დაწეროს და მეილზე მოგვაწოდოს. განცხადებაში უნდა ჩაწეროს, სად და როგორ შეიძინა წუნიანი ნივთი, რა თქმა უნდა, თავისი მონაცემებიც უნდა მიუთითოს და მოვაჭრის მონაცემებიც. კარგი იქნება თუ გადახდის დამადასტურებელი ქვითარსაც დაურთავს, ან ე.წ. სქრინ-შოტები ექნება, ან ნებისმიერი სხვა რამ, რითაც თავის სიმართლეს დაამტკიცებს. ვინც მოისურვებს, შეუძლია ჩვენთან მობრძანდეს და განცხადება აქვე, ჩვენს ოფისშიც დაწეროს. 2022 წლამდე, მომხმარებლებს სასამართლოში უწევდათ თავიანთი უფლებების დაცვა, რაც დროსთან და ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ახლა ყველაფერი უფრო გამარტივდა: ჩვენ, ხშირად, ერთი თვის განმავლობაში ვარკვევთ ყველაფერს და თუ მოვაჭრე ნივთის შეცვლა-შეკეთებაზე, ან თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობს, შეგვიძლია კიდეც დავაჯარიმოთ.
– ხშირად, უხარისხო ნივთის მყიდველს, 30-40 ლარის დაკარგვა ურჩევნია საჩივრების წერას და ენერგიის ხარჯვას. უმრავლესობა არც კი ამხელს, რომ დაზარალდა, ამის თაობაზე რას იტყვით?
– ეს დიდი შეცდომაა, რომელიც არაკეთილსინდისიერ ხალხს კიდევ უფრო ათამამებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნებისმიერი მოვაჭრე, რომელიც ხალხს ატყუებს და უხარისხო პროდუქციას ყიდის. მარტო ერთ შემთხვევას კი არ ვსწავლობთ, ვებგვერდებზე შევდივართ და ვნახულობთ, როგორია ამ გვერდის ისტორია, როგორი პროდუქცია აქვთ გასაყიდად გამოტანილი და ამის შემდეგ ვეუბნებით, რომ დაზარალებულ მომხმარებელს ნივთი უნდა შეუცვალონ, ან თანხა დაუბრუნონ. ამიტომ, ჩვენთვის დიდი შეღავათია, როცა მომხმარებლებიც აქტიურობენ და ცდილობენ გაიგონ, ვინ დგას საეჭვო ონლაინ-გვერდების უკან.
– ცალკე საკითხია, როგორ მოვიქცეთ კურიერებთან: როგორც წესი, კურიერი მოდის და შეკვეთილ ნივთს ისე ტოვებს, რომ მომხმარებელი ამ ნივთის დათვალიერებას ვერ ასწრებს…
– გეთანხმებით: ბევრი კურიერს თანხას ქეშით უხდის. ის მალე მიდის და როცა მყიდველი აღმოაჩენს, რომ ნივთი დაზიანებულია, ან ისეთი არ არის, როგორსაც ჰპირდებოდნენ, აღარ იცის, ვის მიმართოს, ვის შეედავოს… შესაძლოა, კურიერმა ნივთის გახსნაზე უარი გითხრათ, მაგრამ მყიდველს ყოველთვის აქვს უფლება, რომ ახლად შეძენილი ნივთი ვიზუალურად დაათვალიეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ არ უნდა დაიტოვოთ. ბოლო ხანებში, გამყიდველს და მომხმარებელს შორის, სულ უფრო ხშირად ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მისასალმებელია: ამ აქტმა უნდა დაადასტუროს, რომ ხარისხიანი ნივთი ჩავიბარეთ. ოღონდ, ხელი არაფერზე უნდა მოვაწეროთ, სანამ ნივთს კარგად არ დავათვალიერებთ და არ დავრწმუნდებით, რომ ის უნაკლოა. როცა არ ვიცით, პროდუქციას ვისგან ვყიდულობთ და ის წუნიანი აღმოჩნდება, მერე ბრძოლა გაცილებით რთულია: არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე თქვენს უარყოფით კომენტარებსაც წაშლის და იმ გვერდსაც, საიდანაც პროდუქციას ყიდდა.
– ვენდოთ თუ არა, კომენტარებს, სადაც ამა თუ იმ ნივთს აქებენ? ხომ შეიძლება გამყიდველი ამ კომენტარებს თავად წერდეს?
– შეიძლება ეს რეალური კომენტარებია და შეიძლება – ყალბი. თუ საქმე არაკეთილსინდისიერ ხალხთან გვაქვს, ლოგიკურია, რომ ეს ყალბი შეფასებები იყოს. არსებობს ნიშნები, რომლითაც საეჭვო ვებგვერდები გამოირჩევიან, მაგალითად: ისინი ხშირად აცხადებენ “ფასდაკლების აქციებს”, რომელიც თითქოს, რამდენიმე საათში დასრულდება. დავუშვათ, “ფასდაკლება” 5 საათში სრულდება.
ჩვენ ვჩქარობთ, რომ ნივთის შეძენა მოვასწროთ და სასწრაფოდ ვყიდულობთ. 5 საათის შემდეგ, წამზომი თავიდან ირთვება და ყალბი აქციით, უკვე ახალ მომხმარებელს იზიდავენ. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ, ფულს ვის უხდით და პროდუქციას ვისგან ყიდულობთ, მაგრამ თუ მოტყუვდებით, აუცილებლად უნდა მოგვმართოთ. ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, როგორ ვიპოვოთ სოციალურ ქსელში არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ხალხს ატყუებენ. გვერდი შეიძლება წაშლილი იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვახერხებთ, რომ ისინი მოვძებნოთ.
მოქალაქეებმა, რომლებსაც ამ პროცედურების გავლა არ სურთ, რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა შეასრულონ: შეძენამდე, გამყიდველს აუცილებლად ჰკითხონ სახელი, გვარი და პირადი ნომერი. სასურველია, თანხა ინტერნეტ ბანკით გადაურიცხონ, რადგან გამყიდველის პოვნა ასე უფრო ადვილია. თუ დაინახავთ, რომ უხარისხო ნივთი მოგიტანეს და გამყიდველი თქვენს ზარს არ პასუხობს, მესიჯებში ბრალს თქვენ გდებთ, ან გვერდს საერთოდ წაშლის, ესე იგი, საქმე საეჭვო ხალხთან გაქვთ და აუცილებლად უნდა მოგვმართოთ. თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად, დროის და ენერგიის ხარჯვა ნამდვილად ღირს. ჩვენთან დღეში ათეულობით განცხადება შემოდის და სასიამოვნოა, რომ მომხმარებელთა 90%-ის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჩვენი ინტერვიუს დასასრულ, ცხელი ხაზის ნომერსაც გეტყვით: 15-20. თუ ამ ნომერზე დაგვირეკავთ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორ მოიქცეთ და ვეცდებით, თქვენი უფლებები მაქსიმალურად დავიცვათ.
ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე