მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 12:58
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჭკვიანი კამერები ომის სამსახურში: როგორ უთვალთვალებდა რუსეთი უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო ტვირთებს

Prime Time July 11, 2026 10:04 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების განცხადებით, რუსეთი ნატოს სამხედრო ბაზებსა და სამხედრო მარშრუტებზე მეთვალყურეობას ინტერნეტთან დაკავშირებული სამოქალაქო კამერების, მათ შორის კარის ზარის კამერების, გატეხის გზით ახორციელებდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნიდერლანდების შიდა უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ერთობლივი გამოძიების თანახმად, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები იმ კამერებზე იღებდნენ წვდომას, რომლებიც სამხედრო ტვირთების გადაადგილების მარშრუტებზე იყო განლაგებული. მათი მიზანი უკრაინისთვის გაგზავნილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გადაადგილების მონიტორინგი იყო.

დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსული ოპერაცია მიმართული იყო „ევროპის ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ნიდერლანდებისა და უკრაინის“ წინააღმდეგ.

„ის ორგანიზაციები, რომლებსაც ამ მარშრუტებზე ინტერნეტთან დაკავშირებული კამერები აქვთ, უკვე გავაფრთხილეთ, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ“, – აცხადებენ ნიდერლანდების შიდა უსაფრთხოებისა და სამხედრო დაზვერვის სამსახურებში. მათ ოპერაციას „რუსეთის ფართომასშტაბიანი სადაზვერვო კამპანია“ უწოდეს.

როგორც გამოცემა იუწყება, IP-კამერები, ანუ ინტერნეტთან დაკავშირებული კამერები, ბოლო წლებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ხელი იაფმა ჩინურმა მოწყობილობებმა და მაღალსიჩქარიანმა ინტერნეტმა შეუწყო.

ნიდერლანდების დაზვერვას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის კამერები გატეხეს, თუმცა აღნიშნავს, რომ კარის ზარის ჭკვიანი კამერები ხშირად გამოიყენება საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ობიექტების დისტანციური მონიტორინგისთვის. ჰაკერები კი სპეციალური პროგრამების გამოყენებით ეძებენ ინტერნეტში დაუცველ მოწყობილობებს.

გამოძიების მიხედვით, მრავალი კამერა სათანადოდ არ იყო დაცული. ხშირად ისინი იყენებდნენ სტანდარტულ პაროლებს, მოძველებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ქარხნულ პარამეტრებს.

„როდესაც IP-კამერა იდენტიფიცირდება, თავდამსხმელს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მასზე წვდომის მოპოვება სცადოს. ეს ხშირად საკმაოდ მარტივია, რადგან ინტერნეტთან დაკავშირებული ბევრი IP-კამერა არასაკმარისად არის დაცული“, – აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

კამერების გატეხა ბოლო წლებში თანამედროვე ომის ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდად იქცა. პრაქტიკულად ნებისმიერი კამერა, რომელიც ქუჩაში, საცხოვრებელ სახლთან ან კომერციულ ობიექტთან არის დამონტაჟებული, სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად შეიძლება გამოიყენონ.

The Telegraph-ის ცნობით, უკრაინელ ჰაკერებს რუსული სათვალთვალო კამერები რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგისა და შორი მოქმედების იერიშების კოორდინაციისთვისაც გამოუყენებიათ. ამავე მეთოდს კიევმა ნოვოროსიისკის პორტში განთავსებულ რუსულ წყალქვეშა ნავზე წყალქვეშა დრონით განხორციელებული თავდასხმის დროსაც მიმართა.