მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 20:05
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სტუ-ის რექტორი პროფესორ გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

IPN.ge 31 ივლისი, 2026 · 18:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქაშაკაშვილების ოჯახს, კოლეგებსა და აღზრდილებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გურამ ქაშაკაშვილის წასვლა მძიმე დანაკლისია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ქართული მეცნიერებისა და საინჟინრო საზოგადოებისთვის. მან თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის განვითარებას, საინჟინრო განათლების გაძლიერებასა და მეტალურგიის დარგის წინსვლას მიუძღვნა.

იგი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი და ემერიტუსი, საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი, 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 65 გამოგონების ავტორი. მისი პროფესიული გზა არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა, თუმცა ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ის ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური ღირსებებია, რომლებიც მან თავის სტუდენტებს, კოლეგებსა და მომავალ თაობებს დაუტოვა.

გურამ ქაშაკაშვილის ღვაწლი არაერთი მაღალი სახელმწიფო ჯილდოთი და ღირსეული აღიარებით აღინიშნა. იგი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, დამსახურებული გამომგონებელი, ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი. ეს ჯილდოები მისი განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, მეცნიერული მიღწევებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის დასტურია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ბატონი გურამ ქაშაკაშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის, პრინციპულობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი. მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის ისტორიაში, ხოლო მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოემსახურება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გურამ ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. გურამ ქაშაკაშვილის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.