მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 21:03
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და პაციენტი ხდება მთავარი ცენტრი

IPN.ge 31 ივლისი, 2026 · 19:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი,- ამის შესახებ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის მწარმოებელი კომპანიის „იტალფარმაკო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ვისგანაც სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს.

ფრანჩესკო დი მარკოს თქმით, გასული კვირის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ეპოვათ გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.

„შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს“,- აღნიშნავს ფრანჩესკო დი მარკო.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოსთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA)მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან.