მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ეს პოზიცია მისთვისვეა დამაზიანებელი, ვინაიდან დაკავშირებადობის საკითხი ორივე მხარის ინტერესებში შედის.
„ეს არის შეცდომა, მეტი არაფერი. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ დროს. საქართველო არანაირად დასჯილი არ არის, ამ შემთხვევაში ვერ იქნება უბრალოდ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, პოტენციალი გვაქვს და რა თქმა უნდა ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ეს პოტენციალი, რაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით და ჩვენი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებით გვაქვს, არ გავფლანგოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ამ შემთხვევაში პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან, ეს ისევე სჭირდება საქართველოს, როგორც ევროკავშირს და შესაბამისად ინტერესი, რა თქმა უნდა მათი მხრიდან უნდა იყოს, რომ სწორედ იმ ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან რეგიონში, ყველაზე ახლოს – პოლიტიკურად, ეკონომიკურად მათ ინტერესში უნდა იყოს ამ ქვეყანასთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი.
დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს, მთავარია სურვილი არსებობდეს. თუკი სურვილი იარსებებს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმდება, ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია პოლიტიკური დიალოგის უამრავი ფორმატი, რომელიც სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული. მათივე გადაწყვეტილებით ძალიან მარტივია ამ დიალოგის ფორმატების განახლება სხვადასხვა მიმართულებით – ეს ეხება დაკავშირებადობის საკითხებსაც. არის პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაცვლელი ევროკავშირის მხრიდან და დამოკიდებულება შესაცვლელი ისევ და ისევ ევროპის საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.