გერმანიაში, გამოქვაბულში 40,000 წლის წინანდელი, მამონტის ეშვისგან გამოკვეთილი ფრინველის ფიგურები აღმოაჩინეს – რას ნიშნავს ეს?

გერმანიაში, ცნობილ პრეისტორიულ გამოქვაბულ ჰოლე-ფელსში (Hohle Fels) წარმოებული გათხრებისას, არქეოლოგებმა მამონტის ეშვისგან გამოკვეთილი ფრინველის ორი ფიგურა აღმოაჩინეს. ცერის ფრჩხილის ზომის ეს ნაკეთობები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ 40,000 წლის წინ, გამყინვარების ხანის ადამიანებს უკვე ჰქონდათ განვითარებული მხატვრული აღქმა.
ფიგურები ერთმანეთისგან სულ რაღაც 1.5 მეტრის დაშორებით იმ ნიადაგის ფენაში იპოვეს, რომელიც 40 000 წლით თარიღდება. ამ სკულპტურების აღმოჩენით, ჰოლე-ფელსში ნაპოვნი ფრინველის ფიგურების საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა (პატარა წყლის ფრინველი აქ ჯერ კიდევ 2001 წელს აღმოაჩინეს).

მეცნიერების ვარაუდით ევროპაში ნეანდერტალელების შემცირებისა და მათი შემდგომი გაქრობის შემდეგ, ადრეული Homo sapiens-ი “ოლე-ფელსის“ გამოქვაბულში დაახლოებით ორინიაკის კულტურის პერიოდში (43,000–28,000 წლის წინ) ცხოვრობდა. ამ ეპოქაში ადამიანის შემოქმედებითმა უნარებმა ნამდვილი ნახტომი გააკეთა, შეიქმნა მსოფლიოში პირველი მუსიკალური ინსტრუმენტები, სამკაულები და მცირე ზომის ქანდაკებები.

“ჰოლე-ფელსის ვენერა“, ქალის 41,000 წლის სტატუეტი რომელიც ასევე გამოქვაბულში 2008 წელს იპოვეს, ევროპაში ყველაზე ძველ ფიგურულ სკულპტურად არის მიჩნეული, არქეოლოგებმა აქ ასევე სხვადასხვა ცხოველთა ფიგურები და მამონტის ეშვისგან დამზადებული თოკის საქსოვი ინსტრუმენტიც აღმოაჩინეს.
მეცნიერების თქმით, ეს ორი პატარა ფრინველი უამრავ ახალ კითხვას აჩენს ევროპის ადრეული მოსახლეობის შესახებ. ისინი ევროპაში თანამედროვე ადამიანის არსებობის ერთ-ერთი უძველესი მტკიცებულებას წარმოადგენენ და ადასტურებენ იმას რომ ხელოვნება ადრეული ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
არქეოლოგებმა ზუსტად არ იციან, რა დანიშნულება ჰქონდა ამ მინიატიურულ ნაკეთობებს ჰოლე-ფელსში მცხოვრები ადამიანებისთვის, შესაძლებელია, ისინი პირად თილისმად ან კონკრეტული ჯგუფის სიმბოლოდ გამოიყენებოდა.