მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 00:16
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გლობალური დათბობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება – როგორ ებრძვის მსოფლიო ექსტრემალურ სიცხეს

Prime Time 2 აგვისტო, 2026 · 20:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

2025 წელი კაცობრიობის ისტორიაში მესამე ყველაზე თბილი წელი გახდა, ხოლო მას მოჰყვა 2026 წლის უპრეცენდენტო სიცხის ტალღები. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ბუნებრივი გაგრილების ფენომენის, “ლა ნინიას”, მიუხედავად, დედამიწის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, პლანეტის სხვადასხვა წერტილში, 70-ზე მეტ ქვეყანაში 120-ზე მეტი ყოველთვიური ტემპერატურული რეკორდი მოიხსნა. მეტეოროლოგების განცხადებით, ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილებამ და გლობალურმა დათბობამ მკვეთრად გაახშირა ე.წ. სტაგნაციური ანტიციკლონების ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს, რომ ცხელი ჰაერის მასები კვირების განმავლობაში ერთ ადგილზე ჩერდება. სიტუაციას ართულებს ნიადაგის ძლიერი გვალვა. გამომშრალ მიწას აღარ აქვს ტენიანობა, რომელიც აორთქლებისას ჰაერს გააგრილებდა. შედეგად, მზის მთელი ენერგია პირდაპირ ატმოსფეროს გაცხელებაზე იხარჯება, რაც ქმნის მანკიერ წრეს: სიცხე აძლიერებს გვალვას, ხოლო გვალვა სიცხეს.

ცენტრალური აზიის რეგიონი ბოლო პერიოდის ყველაზე ცხელ წერტილად იქცა, სადაც, გამონაკლისის გარეშე, ყველა ქვეყანამ მოხსნა თავისი წლიური ტემპერატურული რეკორდი. ტაჯიკეთმა დააფიქსირა ყველაზე მაღალი კლიმატური ანომალია მთელ მსოფლიოში. მთიან რეგიონებში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ ნორმას 3°C-ით გადააჭარბა, ხოლო რეკორდები მაისის თვიდან მოყოლებული თითქმის ყოველ თვეში ახლდებოდა.

საშუალო წლიური მაჩვენებლები სეზონურ ნორმაზე 2°C-დან 3°C-მდე მაღალი აღმოჩნდა ყაზახეთში, რამაც რეგიონში სასმელი წყლის ისედაც მწვავე დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა. უზბეკეთში დაფიქსირდა ხანგრძლივი სიცხის ტალღები, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობასა და ენერგოსისტემას. ჰაერის ტემპერატურამ ირანის რამდენიმე ქალაქში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რასაც თან დაერთო მტვრის ქარიშხლები.

აფრიკის კონტინენტზე სიცხის ტალღებმა საჰელისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები პარალიზებამდე მიიყვანა. ნიგერიამ თავის ისტორიაში ყველაზე ცხელი 12-თვიანი პერიოდი გადაიტანა. მალი: დაფიქსირდა იშვიათი ტემპერატურული გადახრა – სეზონურ ნორმაზე 1.5°C-მდე მაღალი მაჩვენებელი.ბურკინა-ფასოში დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ღამის ტემპერატურები, რაც მოსახლეობას დასვენების საშუალებას არ აძლევდა. ჩადი მოექცა აფრიკული სიცხის გულში, რამაც ეს წელი ისტორიაში მეოთხე ყველაზე ცხელ პერიოდად აქცია რეგიონისთვის.

ჩინეთის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანამ ისტორიაში ყველაზე მეტი „მაღალი ტემპერატურის დღე“, როდესაც სიცხე 35°C-ს ან მეტს შეადგენს გადაიტანა. ტემპერატურის პარალელურად, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში წვიმების რაოდენობამ და ხანგრძლივობამ ყველა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა, ხოლო დასავლეთ ჩინეთში შემოდგომის უმძიმესი ნალექები დაფიქსირდა.

ევროპისთვის ბოლო პერიოდი კლიმატური თვალსაზრისით ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. დასავლეთ ევროპამ ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი გადაიტანა, სადაც საშუალო ტემპერატურა ნორმას 3.05°C-ით ასცდა. ივნისის მასშტაბურმა სიცხის ტალღამ ახალი ეროვნული რეკორდი დაამყარა ჩეხეთში და თერმომეტრმა 41.9°C-ს მიაღწია.

გერმანია: ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა აბსოლუტური მაქსიმუმი -41.7°C. პოლონეთი-აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილში სიცხემ 40.5°C შეადგინა, რამაც ტყის ხანძრების საფრთხე გაზარდა. ესპანეთი: ბარსელონას ისტორიულმა „ფაბრას ობსერვატორიამ“ (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ერთ-ერთმა უძველესმა სადგურმა) 40.5°C დააფიქსირა, რაც ამ სადგურის არსებობის ერთსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაისისა და ივნისის თვეებში ანომალიურად მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა საფრანგეთში. სიცხესა და გვალვასთან ერთად ქვეყანაში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა. დიდ ბრიტანეთში ივლისის საშუალო ტემპერატურამ ნორმას 1.5°C-ით გადააჭარბა, რამაც ინფრასტრუქტურის გადახურება გამოიწვია.

რეკორდები მხოლოდ დასახლებულ კონტინენტებზე არ მოხსნილა. კოპერნიკის ანგარიშის მიხედვით, დედამიწის ორივე პოლუსი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ანტარქტიდა-სამხრეთ პოლუსმა თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე თბილი წლიური ტემპერატურა დააფიქსირა, რამაც ყინულის შელფების რღვევა დააჩქარა.

რაც შეეხება არქტიკას, ჩრდილოეთ პოლუსმა ისტორიაში მეორე ყველაზე თბილი წელი გაატარა, რამაც საზღვაო ყინულის საფარი საგანგაშო მინიმუმამდე შეამცირა. ტემპერატურის მატებამ ოკეანეების ზედაპირის გათბობა გამოიწვია, რამაც ბიძგი მისცა უპრეცედენტო სტიქიურ მოვლენებს. შრი-ლანკაში კოკისპირულმა წვიმებმა და ციკლონებმა ნალექების ისტორიული წლიური რეკორდი მოხსნა, რამაც მასშტაბური მეწყერები გამოიწვია. ატლანტის ოკეანის აუზიში დაფიქსირდა წყლის ზედაპირის რეკორდული ტემპერატურა, რაც მეცნიერების თქმით, ქარიშხლების სეზონს კიდევ უფრო დამანგრეველს ხდის.კლიმატოლოგების შეფასებით, ეს მონაცემები კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ სათბურის აირების ემისიის მკვეთრი შემცირების გარეშე, გლობალური დათბობის ტენდენცია შეუკავებელი გახდება. მეცნიერები შიშობენ, რომ თუ დღევანდელ ტემპს ოცი წლის შემდეგ გადავხედავთ, ეს სარეკორდო წლები პლანეტისთვის „შედარებით გრილადაც“ კი მოგვეჩვენება.

როდესაც ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, ქვეყნები მხოლოდ ამინდის პროგნოზით აღარ შემოიფარგლებიან, ისინი ცდილობენ, ადამიანების ჯანმრთელობა და ქალაქების ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სიცხისგან დაიცვან. ამისთვის სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მოქმედებს კონკრეტული გეგმები, რომლებიც სიცხის ტალღების დროს მოსახლეობის გაფრთხილებას, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ქალაქების გაგრილებას ითვალისწინებს.

საფრანგეთში ძლიერი სიცხის დროს მოქმედებს სპეციალური გაფრთხილების სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ მოსალოდნელი სიცხის შესახებ. მუნიციპალიტეტები ცდილობენ გარკვეული რისკის მქონე ჯგუფებთან კონტაქტი შეინარჩუნონ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზონ. ესპანეთისა და იტალიის მსგავს ქვეყნებში, სადაც ზაფხულში მაღალი ტემპერატურა ხშირია, ქალაქები მოსახლეობისთვის ე.წ. „გაგრილების სივრცეებს“ ქმნიან. ასეთ ადგილებში ადამიანებს შეუძლიათ, ყველაზე ცხელ საათებში თავი შეაფარონ კონდიცირებულ ან გრილ შენობებს. ზოგიერთ ქალაქში მოქალაქეებს ასევე ურჩევენ, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში გარეთ გადაადგილებას მოერიდონ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ წყლის მიღებას.

სიცხესთან ბრძოლა მხოლოდ ადამიანების დაცვას არ გულისხმობს. ქალაქები ცდილობენ თავად ურბანული გარემოც უფრო გრილი გახადონ. მაგალითად, ათენში, სადაც ზაფხულის სიცხე განსაკუთრებით ინტენსიურია, ქალაქის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს გამწვანებაზე, ჩრდილის შექმნასა და საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესებაზე. მსგავსი მიდგომა სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რადგან ხეები და მწვანე სივრცეები ქუჩებსა და შენობებს გადახურებისგან ნაწილობრივ იცავს.

აშშ-ში, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში, ექსტრემალური სიცხის დროს მოქმედებს ადრეული გაფრთხილების სისტემები და მოსახლეობას სპეციალური რეკომენდაციებით მიმართავენ. ზოგიერთ ქალაქში იქმნება გაგრილების ცენტრები, სადაც ადამიანებს ყველაზე ცხელი დღეების განმავლობაში შეუძლიათ დროებით თავშესაფრის პოვნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსახლკარო ადამიანებისთვის, ხანდაზმულებისა და მათთვის, ვისაც სახლში კონდიცირების საშუალება არ აქვს.

სიცხისგან დაცვას ცდილობენ აზიის ქვეყნებიც. იაპონიაში, სადაც ზაფხულის მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა განსაკუთრებით რთულ პირობებს ქმნის, მოსახლეობას აქტიურად აფრთხილებენ სითბური დარტყმის საფრთხის შესახებ. რეკომენდებულია წყლისა და ელექტროლიტების მიღება, მზისგან თავის დაცვა და დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ფიზიკური დატვირთვის შემცირება. სკოლებსა და სამუშაო ადგილებში ასევე იზრდება ყურადღება სიცხესთან დაკავშირებული რისკების მიმართ.

გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ სათბურის გაზების ემისიები, გაზარდონ განახლებადი ენერგიის გამოყენება და ქალაქები უფრო მდგრადი გახადონ. ამის პარალელურად, საჭიროა ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაც, რომელიც მომავალში უფრო ხშირ და ძლიერ სიცხის ტალღებს გაუმკლავდება.