„ქართულ ოცნებას“ ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ“ – პეტრე ცისკარიშვილი ბოკუჩავაზე

პოლიტიკური განხეთქილების ახალი ფაზა “ნაციონალურ მოძრაობაში” – უმძიმეს კრიზისში მყოფი პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად გამოაცხადა.
გამიჯნული თინა ბოკუჩავა სააკაშვილის გუნდს პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, მსჯავრდებულის ბრძანებით, პოლიტსაბჭოს წევრთა ხელმოწერები გააყალბა. მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სწორედ სააკაშვილის დავალებით ჩატარდა გადამწყვეტი სხდომაც ფორსირებულ რეჟიმში, რომლის ოქმსაც გენერალური მდივანი ამ დრომდე მალავს.
ბოკუჩავა ამბობს, რომ დახურულ პოლიტსაბჭოს, 130-ის ნაცვლად, მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, რაც მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ისევე როგორც ყრილობას, რომელიც 5 აგვისტოსაა ჩანიშნული. მძიმე ბრალდებების მთავარმა ადრესატმა მოქმედი თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ ტყუილში დაადანაშაულა.
პეტრე ცისკარიშვილი ირწმუნება, რომ ბოკუჩავა პარტიული თანამდებობისთვის არასწორი მეთოდებით იბრძვის.
“ვერანაირი ჩვენებების მიცემით, ვერც, მათ შორის, მინიშნებებით, “ქართულ ოცნებას” ვერანაირ საბაბს ვერავის შეუქმნის ჩვენი დოკუმენტაციის “სიყალბესთან” დაკავშირებით, იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად, ზედმიწევნით იქნება მოწესრიგებული. “ქართულ ოცნებას” ვერანაირ საბაბს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ.
ძალიან სამწუხაროა, რომ თინა ბოკუჩავამ ეს გზა აირჩია საკუთარ პარტიასთან ბრძოლისთვის,” – აღნიშნა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.