გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე.
მაჭარაშვილის თქმით, რამდენჯერაც „ნაცაგენტურამ “ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ მოუწია საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
„ერთი სრული წელი არ გავა ისე, რომ თავმჯდომარე ან არ გადააყენონ, ან თვითონ არ გადადგეს. ბოლო თავმჯდომარეს საერთოდ სააკაშვილის სული გამოეცხადა და გადააყენა ბოკუჩავა.
აი, ამ ხალხზე და ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდა და გვეუბნებიან ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი, რომ არის პროდასავლური ღირებულების. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნიან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამჯერად თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმური იყო. მისი თქმით, სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, შესაბამისად სხდომა არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოკუჩავას ამ განცხადებას თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა ანა წითლიძემ. პარალელურად პოლიტიკური შეფასებების თემაა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.