“9 წლის მანძილზე გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა” – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

ნამდვილად არ არის ეს ჯანსაღი მდგომარეობა, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როდესაც მან ჰომეროსის „ოდისეის“ პერსონაჟი პენელოპე საქართველოს მართვის სადავეებს შეადარა, ხოლო პენელოპეს ხელის მთხოვნელები – ოპოზიციონერებს.
-
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ავლენს იმას, რომ თავის დროზე, ცხრა წლის განმავლობაში, არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები. საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს შენს ქვეყანას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 9 წლის მანძილზე ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ეს ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა:
„ჩათვალეთ, რომ პენელოპე საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპეს მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა, მე მაბრალებენ“, – დაწერა სააკაშვილმა.