მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 01:20
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

Prime Time 4 აგვისტო, 2026 · 23:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღების შემცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხედროების მომავალი კონფლიქტებისთვის მზადყოფნის კუთხით.

საუბარია უპირატესად „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის შეიარაღებაზეა – კერძოდ, ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს ATACMS-სა და მაღალი სიზუსტის PrSM-ის ტიპის რაკეტებზე. ორი წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ამ იარაღის „ფაქტობრივად მთელი მარაგი“ უკვე გახარჯა.

შორ მანძილზე მოქმედი ეს საბრძოლო მასალა, რომლის თითოეული ერთეულის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება, სამხედრო არსენალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ის უსაფრთხო დისტანციიდან მაღალი სიზუსტის დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის მიერ მიწოდებულმა ATACMS-ის სისტემებმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ომშიც, რამაც უკრაინულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის შესაძლებლობა მისცა. რაც შეეხება PrSM-ს, ის უფრო ახალი და დახვეწილი თაობის რაკეტაა, რომელიც შედარებით ნაკლები მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ირანზე ფართომასშტაბური შეტევების განახლების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შესაძლოა მეტად დაჭირდეს პილოტირებადი ავიაციის გამოყენება, რაც გაცილებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.