მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 01:46
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ლაშა ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვემზადებით, ამიტომ გვჭირდება კოლექტიური საბჭო, რადგან ლიდერი შეიძლება, ხვალ აღმოჩნდეს ციხეში – პარტია უნდა გადაეწყოს ისე, რომ ნებისმიერ სცენარზე ტრანსფორმირდეს

IPN.ge 5 აგვისტო, 2026 · 23:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ლაშა ფარულავას განაცხადებით, პარტია ემზადება საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი შესაძლო გადაწყვეტილებისთვის, რის გამოც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მმართველობა ერთ ლიდერზე არ იყოს დამოკიდებული.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიის მიზანია, სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გადაეწყოს ისე, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია ნებისმიერ სცენარზე, რომელიც ქვეყანაში დადგება.

მისი თქმით, პარტიაში შეიქმნება პოლიტიკური საბჭო, რომელიც სათათბირო ორგანოს ფუნქციას შეასრულებს, ხოლო მის გადაწყვეტილებებს აღასრულებს მმართველი საბჭო. ფარულავას განმარტებით, აღნიშნული სტრუქტურა ექვსი თვის ვადით იმოქმედებს, რის შემდეგაც შიდაპარტიული არჩევნები გაიმართება.

„პარტია გადადის ჰორიზონტალურ მმართველობაზე. ყველა გადაწყვეტილება კოლექტიურად იქნება მიღებული.

პოლიტიკური საბჭო იქნება სათათბირო ორგანო, რომლის მიღებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებს პარტიის აღმასრულებელი ორგანო – მმართველი საბჭო. 6 თვით არის სტრუქტურა შექმნილი, იმისთვის, რომ პარტიამ კოლექტიურად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომ მივიდეთ შიდა პარტიულ არჩევნებამდე. პარტიაში ასეთ გამჭვირვალე პროცესს იმისთვის ვქმნით, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის, რომ პარტია გახსნილია და მზად არის შენიშვნები მიიღოს. გარე პროცესის მეთვალყურე იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი და ის ჯგუფი, რომელიც ბორდის სახით ჩამოყალიბდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ვემზადებით, სწორედ ამიტომ გვჭირდება კოლექტიური საბჭო, ჰორიზონტალური მმართველობა. ვიცით, რომ ვინც იქნება პირველი [ლიდერი], შეიძლება ის ხვალ აღმოჩნდეს ციხეში.

ჩვენი პასუხისმგებლობა ახლა არის ის, რომ პარტია სტრუქტურულად და ორგანიზაციულად გადაეწყოს ისე, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია ნებისმიერ სცენარზე, რომელიც ქვეყანაში დადგება. ჩვენ უნდა შევქმნათ ეფექტიანი ბრძოლის ინსტრუმენტები პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეროვნულ დონეზე“,- განაცხადა ფარულავამ.

ფარულავას განმარტებით, პარტიის ახალი მართვის მოდელის ფარგლებში, მმართველი საბჭო იმ ფუნქციას შეასრულებს, რომელსაც აქამდე პარტიის თავმჯდომარე ასრულებდა.

„მმართველი საბჭო რას ნიშნავს მინდა ავუხსნა საზოგადოებას, აქამდე პარტიის თავმჯდომარე იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. გენერალური მდივანი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა, თუმცა ეს ლოჯისტიკური და ორგანიზაციული საკითხებით დატვირთული პოზიციაა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, ლევან ხაბეიშვილი დიდი ხანია ციხეშია, პოლიტიკური ტყვეა და ფაქტია, რომ ვერ იღებს პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ასევეა ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით. მოკლედ, ლევან ხაბეიშვილი კვლავ იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ირაკლი ნადირაძე მმართველი საბჭოს წვერი“,- განაცხადა ფარულავამ.

რაც შეეხება რეფორმატორთა საბჭოს საკითხს, ფარულავამ აღნიშნა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ პარტიის ნაწილი არ იქნება და დამოუკიდებლად იმოქმედებს.

მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობა პარტიის მიმართ რეკომენდაციებს გასცემს და კრიტიკულ შეფასებებსაც გააკეთებს.

„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მოძრაობას, ეს არ იქნება პარტიული ნაწილი. ის იქნება დამოუკიდებელი მოძრაობა. მას ექნება რეკომენდაციები პარტიის მიმართ. არა მარტო რეკომენდაციები, ჩვენ კრიტიკისთვისაც მზად ვართ. ჩვენ გვინდა გამოვაცოცხლოთ პოლიტიკური ცხოვრება და ბრძოლა გახდეს ეფექტური, რომელშიც მრავალი წელია ვიმყოფებით. ამას ემსახურება ეს კოლაბორაცია – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნანუკა ჟორჟოლიანის მოძრაობა – „ მე მიყვარს საქართველოს“ შორის“,- განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, რატომ უნდა მონაწილეობდეს პარტიულ რეფორმებში ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიის წევრი არ არის, ფარულავამ უპასუხა, რომ მოძრაობა „მე მიყვარს საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ „გარე თვალი“ იქნება.

„6 თვის თავზე პარტიაში ჩატარდება შიდა არჩევნები თავმჯდომარეობის. ჩატარდება პრაიმერისები, ეს არ იქნება პროცესი მხოლოდ პარტიის წევრებისთვის. ამ პროცესში უამრავი ადამიანი უნდა შემოვიდეს. 6 თვის თავზე საზოგადოებასთან ნდობა იმდენად უნდა აღდგეს, რომ ამ პროცესში ახალი ადამიანები შემოვიდნენ და მათთვის იყოს სანდო პოლიტიკური პროცესი. თუ პარტიიდან ვინმეს განზიდვა მოხდა, ახლა არის შეკრების დრო. ყველა იმ ადამიანის, რომელიც განაწყენებული იყო”,- განაცხადა ფარულავამ.