“კიევი, დასავლეთი და ქართველი რადიკალები სამხრეთ კავკასიაში თბილისის ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ” – რუსეთის საგარეო უწყება

კიევი, დასავლეთი და ქართველი რადიკალები სამხრეთ კავკასიაში თბილისის ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს.
“რუსული მხარე მოუწოდებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების პრიორიტეტულ ამოცანას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ელის პრაქტიკული ძალისხმევის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის მიმართულებით, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის. მსგავსი სამართლებრივი ვალდებულებების აღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან დაცვის საიმედო გარანტიას წარმოადგენს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწება.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სასაზღვრო რაიონებში ვითარების სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ და შემდგომმა დემარკაციამ“.
“აღნიშნული ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევის ნაცისტური რეჟიმისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, თბილისი სამხრეთ კავკასიაში ახალ სისხლიან ავანტიურებში ჩაითრიონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.