მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 15:52
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს – შალვა პაპუაშვილი

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 13:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში სააკაშვილის გაფუჭებული საქმის გამოსწორებით იყო დაკავებული.

„ეს არის დამტკიცებული. ვინც ბევრს ლაპარაკობს და სინამდვილეში აკეთებს ზუსტად ოკუპანტის საქმეს, ეტყობა კიდეც გია ბარამიძეს თავის განცხადებებში. ჩვენ არათუ ვსაუბრობთ, არამედ დავამტკიცეთ სასამართლო პროცესებით. ვინ დაამტკიცა სასამართლო წესით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი? – „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში. ვინ დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაულები? – „ქართულმა ოცნებამ“ ჰააგის სასამართლოში. ასე, რომ ეს არის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. სააკაშვილის გაფუჭებული საქმის გამოსწორებით იყო დაკავებული წლების განმავლობაში. ფაქტობრივად, ეს პროცესები, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში, იყო უიმედო. უიმედო იმიტომ, რომ მტკიცებულებები ჰქონდათ გაფლანგული, გატანილი, გადაცემული სხვა ქვეყნებისთვის. თავისი მიზნებისთვის და არა საქართველოს მიზნებისთვის. ამ ყველაფრის შემობრუნება მოუწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს. მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც დიდი ალბათობით განზრახაც იყო ასე გაკეთებული, რომ საბოლოოდ საქართველო დამარცხებულიყო ისევე, როგორც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სულისკვეთება არის ხოლმე, მაგრამ შემოტრიალდა და პირიქით, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რომ დაამტკიცა ოკუპაციაც და დაამტკიცა რუსეთი მიერ დანაშაულების ჩადენაც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.