თითოეული ჩვენგანის ვალია, ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ – ნინო ლაცაბიძე

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავი აღინიშნა რუსთავში. აგვისტოს ომში დაღუპულ რუსთაველ გმირთა მემორიალთან, რუსთაველები დილიდან შეიკრიბნენ. ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან და სამხედროებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღანიამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.
,,6 რუსთაველი ახალგაზრდა დაიღუპა გმირულად 2008 წლის აგვისტოს ომში. უდიდესი პატივია ჩვენთვის ამ გმირების დედებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალთან მოსვლა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ ქვეყანას, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს და ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი, ერთიანი საქართველო, როგორზეც ჩვენი 20 წლის გმირები, 18 წლის წინ ოცნებობდნენ.”- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, გმირულად დაიღუპნენ კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე. ექვსივე მათგანი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.