მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 17:04
სწრაფი სიახლე
კულტურა

გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 15:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.

„არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე საერთო აქვს სამართლიანობასთან და არ მგონია დღევანდელი დილის მერე უფრო მტკიცედ.

2017 წელს წაღვერიდან მომწერა მონიკა ჭანტურიამ. მომწერა ვრცლად და წიგნები მთხოვა. იქ ასწავლიდა. ჩავედით. ვნახე სრულიად ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც უყვარს და იცის საკუთარი საქმე. საგანი და ადამიანი.

ბევრი იცით ასეთი? მე – ცოტა.

დევნილი გოგო იყო. მრავალტანჯვა გამოვლილი.

მას მერე ხშირად მწერდა. ერთად რაღაც მოვასწარით, რაღაც – ვერა.

წერილს წაგაკითხებთ და მიხვდებით:

,,ერთი მოსწავლის ფიქრი მაწუხებს. ის წერაში ატევს საკუთარ აზრებს, ემოციებს…დღეს, მითუმეტეს….გუშინ მომწერა: არც ისე კარგად ვარ, მინდა უსაზღვრო მოთმინება მქონდეს,როგორც იესოს ჰქონდაო…

ის მეთორმეტეკლასელია. ამას წინათ, დავალება გავუგზავნე ჩვეულებრივ, ვორდის ფურცელზე დაბეჭდილი. მომწერა- ვერ გავხსნიო, ლეპტოპი არ მაქვსო მასწ….

თავის დროზე, სკოლაში სხვადასხვა სოციალური პროგრამების დახმარებით სოციალურად დაცველმა მოსწავლეებმა მიიღეს ნოუთბუქები, მაგრამ არც ამ სიაში აღმოჩნდა…მისი ნაწერები, უჩვეულოდ მოსაფრთხილებელი პიროვნული აზრები ოდესღაც მოგხიბლავთ ყველას…

რა შეიძლება გავაკეთოთ?..”

გავაკეთეთ. მე რა. მე მხოლოდ მცირე. მან გააკეთა. ეს კი არა – მრავალი.

მოსწავლის ნათქვამი რომ აწუხებს, ეგეც საქებია. ის კიდევ მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა.

დილით ვიღვიძებ და მწერს ნაცნობი – მონიკა მოულოდნელად გარდაიცვალა.

გარდაიცვალა მასწავლებელი, რომელიც იდგა ჩრდილში და უხმაუროდ, ამ ხმაურით და ყალბი ნათებებით სავსე სამყაროში. სხვა, დიდი ჩრდილისკენ წავიდა. იმ ჩრდილიდან მის მოსწავლეებს მასზე დიდი მფარველი არ მგონია ჰყავდეთ“,- წერს გიორგი კეკელიძე.