ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის უფლებადამცველის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოება საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობს. ადვოკატი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანი ოფიციალურად მიიღებს დაზარალებულის სტატუსს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია.
„ყველაფერი კეთდება სიმართლის დასადგენად! ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სამეგრელო ზემო – სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ხელს უშლის გამოძიებას. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია გამოძიებასთან და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი რამ არ გამოკვეთილა. მსგავს ფაქტს რომ ადგილი ჰქონოდა, მე ვერავინ დამასწრებდა უმკაცრეს რეაგირებას! გთხოვთ, ნუ მიაწვდით ნატა ვიბლიანს გადაუმოწმებელ ინფორმაციას! ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება შეაფერხოს გამოძიება. თუ მე დავინახავ, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მართლაც ახდენს გამოძიებაზე ზეწოლას, მე ვიქნები პირველი, ვინც ამის შესახებ ხმას ამოიღებს. ეს გამიკეთებია არაერთ საქმეზე და მომავალშიც გავაკეთებ! შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ დანაშაულებრივ ფაქტებზე ახლახან დაიწყო გამოძიება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ რეალობაში. გვიწევს ძალიან ძველი ფაქტების აღდგენა, რაც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. დაგველოდეთ“,- წერს ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) დაიწყო.
საგამოძიებო პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვების შემდეგ აღიძრა.