მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:41
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გიორგი მათიაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე – რას ჰქვია ტყვეების დახვრეტა? ეს არის თავზარდამცემი და მოღალატეობრივი განცხადება – მსგავსი ინფორმაცია მე არ მსმენია

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 16:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ეს არის მოღალატეობრივი განცხადება – ქართველი ადამიანი კი არა, საერთოდ, ცხოველიც კი ვერ იტყვის ასეთ რამეს, რომელიც ფაქტობრივად არ მომხდარა, – ამის შესახებ აფხაზეთის ომის ვეტერანმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული პროკურატურაში.

მისივე თქმით, აფხაზეთის ომის ყველა მებრძოლისთვის პირიქით არის ცნობილი, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებდა ტყვეების გადასარჩენად.

„ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. მსგავსი ინფორმაცია მე არ მსმენია. ეს განცხადება არის ვიღაცის მიერ შეკვეთილი, ვინაიდან საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გასული არის ძალიან დიდი დრო და იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თუ ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, გამოეძიებინათ და განეცხადებინათ.

მე ვიმყოფებოდი საბრძოლო მოქმედებების დროს სოხუმში, სპეციალურად ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით პროკურატურიდან. სოხუმის ბრძოლების დროს ვიძიებდით სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს რუსეთის ჯარისა და არმიის მიერ წარმოებული ოპერაციების დროს. კერძოდ, 1992 წლის ივლისის, თუ არ ვცდები, ან აგვისტოს პერიოდში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ მოხდა ჩამბას ქუჩაზე 500-კილოგრამიანი ბომბების ჩამოგდება სპეციალური პარაშუტებით, რა დროსაც აღნიშნული ბომბები ჩამოვარდა მოსახლეობაში, კერძოდ დასახლებაში და უდიდესი მსხვერპლი იყო.

რაც შეეხება იმას, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, მე ბევრი მებრძოლისგან გამიგია, რომ აქეთ მკურნალობდნენ აფხაზებს და იმ ჩრდილოკავკასიელებსაც და მკურნალობის შემდეგ გადასცემდნენ ისევ იმ მხარეს, რომ დაბრუნებულიყვნენ სახლში. არათუ დახვრეტა, აქეთ ხელს უსვამდნენ თავზე. ბევრნი არიან ვეტერანები, ექიმები და სოხუმელი ექიმებიც, რომლებიც დღეს აქ, თბილისში არიან და აცხადებენ, რომ ჩვენ ვმკურნალობდით და შემდეგ გამოჯანმრთელებულებს გადავცემდითო.

რას ჰქვია დახვრეტა? ეს არის თავზარდამცემი განცხადება. ქართველი ადამიანი კი არა, საერთოდ, ცხოველიც კი ვერ იტყვის ასეთ რამეს, რომელიც ფაქტობრივად არ მომხდარა.

„ქართული ოცნების“ პირობებში ძლივს მივაღწიეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებას, რომ ნამდვილად მოხდა დანაშაულებრივი შემოჭრა რუსეთის მიერ და ახლა ეს აცხადებს, რომ არაო, ისინი იცავდნენ კანონიერ ფარგლებში და ჩვენ, ესე იგი, დანაშაული ჩავიდინეთ და ხალხს ვხვრეტდით? ყველა გაოგნებულები ვართ ამ განცხადებით“, – განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. ამის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“. მოგვიანებით კი გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „ომის პირველ დღეებში, ტყვეების გაცვლის, თუ სხვა მძიმე პროცესების აღსაწერად, სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა“. „არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ”, ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ფაქტი ვიცი“, – განაცხადა ბარამიძემ.