მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 19:40
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს

IPN.ge 11 აგვისტო, 2026 · 16:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას მრავალი ყოფილი მებრძოლისთვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ კონკრეტული დანაშაულები და ხელს უწყობს პატიმრობის შეჩერებას ზოგიერთი ადამიანისთვის, რომლებიც PKK-ს წევრობისთვის არიან მსჯავრდებულები, რაც გზას უხსნის მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

კანონი 600-ადგილიან პარლამენტში 468 ხმით დამტკიცდა.

Reuters-ი წერს, რომ ეს ღონისძიება ანკარის მიერ ამ პროცესის ფარგლებში გადადგმული ყველაზე კონკრეტული ნაბიჯია მას შემდეგ, რაც ციხეში მყოფმა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ლიდერმა აბდულა ოჯალანმა 2025 წლის თებერვალში ჯგუფს იარაღის დაყრისა და დაშლისკენ მოუწოდა. PKK-მა 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ შეაჩერებდა შეიარაღებულ ბრძოლას და დაიშლებოდა, ხოლო ორი თვის შემდეგ ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე მებრძოლთა ჯგუფმა სიმბოლურად დაწვა იარაღი.

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, შეიარაღებული ამბოხება 1984 წელს დაიწყო. კონფლიქტს 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.