მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:56
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

7.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, კოლუმბიაში დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 13:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

დასავლეთ კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება. 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 164-ს მიაღწია, თუმცა ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ძლიერმა მიწისძვრამ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქები კალი, პერეირა და მანისალესი, სადაც შენობები ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. მანისალესში მიწისძვრამ ისტორიული საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი კოშკიც დაანგრია. კალის ერთ-ერთ საავადმყოფოში შენობის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ასობით პაციენტის მკურნალობა ღია ცის ქვეშ გახდა საჭირო.

სამაშველო სამუშაოებში პოლიციის თანამშრომლები, სამხედროები და მოხალისეები მონაწილეობენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იყვნენ ადამიანები და ცხოველები, რის გამოც სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

ყველაზე მძიმე ვითარებაა კალსა და პერეირაში. Reuters-ის ცნობით, კალში 85 ადამიანი დაიღუპა, პერეირაში კი — 66. კიდევ 13 დაღუპული ჩოკოს სოფლის რეგიონში დაფიქსირდა.

მიწისძვრა ორშაბათს, 10 აგვისტოს, დასავლეთ კოლუმბიაში მოხდა და ქვეყნის მასშტაბით ძლიერი ბიძგები გამოიწვია. სტიქიის შედეგად ათობით შენობა ჩამოინგრა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის მასშტაბის დადგენა კი ამ დრომდე გრძელდება.