მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 16:54
სწრაფი სიახლე
კულტურა

ისინი, ვინც დარჩნენ… – რა ხდება ახლა შინდისში, ომიდან 18 წლის შემდეგ: “10 წელია სოფელში არ ვყოფილვარ, ახლა დავბრუნდი…” (ფოტორეპორტაჟი)

Ambebi.ge 11 აგვისტო, 2026 · 13:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

  • ფოტორეპორტაჟის ავტორი: ანანო ომაძე

სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულიდან 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე. მათი თავდადების ისტორიას დღემდე ინახავს ეს სოფელი.

ჩვიდმეტივე ჯარისკაცი ჩვენს მეხსიერებაში დარჩა მათი სიმამაცით, ისევე, როგორც 23 წლის ლევან მელქაძე. ის 2007 წელს დაოჯახდა, 3 აგვისტოს შვილი შეეძინა, თუმცა არ დასცალდა მამობის სიხარული შეეგრძნო. ოჯახური ბედნიერება ომის ხმაურმა ჩაანაცვლა.

7 აგვისტოს ლევანი სენაკის ბაზიდან გამოიძახეს და კონფლიქტის ზონაში გაგზავნეს. 11 აგვისტოს, ქართული შენაერთები უკვე უკან იხევდნენ, როდესაც ქართული ბატალიონი შინდისის მატარებლის სადგურთან ალყაში აღმოჩნდა. მათ რუსული დანაყოფის 100-ზე მეტ წევრს გაუწიეს წინააღმდეგობა. ეს უთანასწორო ბრძოლა დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ლევანი 17 თანამებრძოლთან ერთად სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა. ამ ადგილას დღემდე შეიმჩნევა კედლებზე შემორჩენილი ტყვიების კვალი.

ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც ლევანს პირადად იცნობდა, ალექსი მჭედლიძე გვიჩვენებს საოკუპაციო ხაზს და იხსენებს: ’’დაახლოებით 10 წელია სოფელში არ ვყოფილვარ, ახლა დავბრუნდი. ომის დროს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბატალიონში ვმსახურობდი. მანდედან ვძმაკაცობდი ლევანთან, საოცარი ადამიანი იყო, დიდი სამეგობრო წრეც ჰყავდა და ყველა პატივს სცემდა’’.

შინდისი მდებარეობს გორიდან 21 კილომეტრში, ხოლო საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. ეს მოწითალო სახურავიანი შენობები უკვე ოკუპირებული ცხინვალია, რომელსაც საოკუპაციო ხაზი ყოფს.

თითქოს დრო ყველაფერს შლის, მაგრამ შინდისში არაერთი ისტორიული ძეგლია შემონახული, რომლებიც საუკუნეებს ითვლის. მაგალითად, X-XI-საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, მის მახლობლად კი ჯერ კიდევ შემორჩენილია XVIII საუკუნის ციხე.

მიუხედავად ამისა, 2008 წლამდე შინდისი არ გამოირჩეოდა სხვა სოფლებისგან, მოგვიანებით მისი სახელი საქართველოს ახალ ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ვინაიდან, 2008 წელს შინდისის გმირები ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო მათი ხსოვნის პატივსაცემად შინდისში ააგეს მემორიალი და მათივე სახელობის ტაძარი, ასე დარჩა ეს ადგილი ისტორიას.

შინდისში ასევე დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ გმირების ხსოვნას ცოცხლად ინახავენ. მაგალითად, მასწავლებელი, სუზი ბერიძე, რომელმაც 2019 წელს გახსნა ‘’შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა’’ ეს სივრცე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდების წიგნიერების ამაღლებას ემსახურება. ბიბლიოთეკაში ბავშვები აქტიურად კითხულობენ თანამედროვე ლიტერატურას, მართავენ საინტერესო დისკუსიებს და პერიოდულად ცნობილ მწერლებსაც ხვდებიან.

ასეთი გმირების ისტორიებზე იზრდებიან ახალგაზრდები. 9-11 წლის გაბრიელი და ვაკო 2008 წლის შემდეგ დაიბადნენ. აგვისტოს ომი მათთვის ისტორიაა და არა მოგონება. მაგრამ ისინი თავად ჰყვებიან თუ რა იციან თავიანთი სოფლის შესახებ: ‘’მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ბრძოლები იყო აქ, მაგალითად 8 აგვისტოს ბრძოლა, სადაც დაიღუპნენ ქართველი ვაჟკაცები… აქ არის მემორიალი მათ შესახებ და ასევე იქვე არის ეკლესია აღმართული’’.

გმირები წავიდნენ, მაგრამ შინდისში ბევრი რამ დარჩა. დარჩა მათი სახელები, მათი ამბავი და მათზე ნათქვამი ისტორიები. დარჩა მემორიალი და ტაძარი, როგორც მათ ხსოვნის ადგილი. დარჩნენ ადამიანები, ვინც მათ იცნობდნენ და დღესაც ახსოვთ. დარჩა ის ადგილიც, სადაც ყველაფერი მოხდა (ანუ რკინიგზის სადგური) და კედლებზე შემორჩენილი ტყვიების კვალი… მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დარჩა ახალი თაობა. ბავშვები, რომელთა მეშვეობითაც ეს ისტორია თაობიდან თაობაზე გადადის და ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.