მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 23:18
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

თურქეთში ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ფარულად, სატვირთო მანქანის კონტეინერით გაიყვანეს – მედია საიდუმლო ოპერაციის დეტალებზე საუბრობს

Ambebi.ge 11 აგვისტო, 2026 · 20:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მხრიდან წამოსული საფრთხის ფონზე, გასულ თვეს, თურქეთში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი Air Force One-იდან ფარულად, აეროპორტის კეიტერინგის (საკვებით უზრუნველყოფის) სატვირთო ავტომობილით გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა უკვე სპეციალური, სამხედრო რეისით დატოვა.

ორშაბათს გაზეთ “Washington Post“ -ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ საიდუმლო ოპერაციის დროს, ჟურნალისტებსა და თეთრი სახლის პერსონალსაც კი სჯეროდათ, რომ 8 ივლისს, ანკარაში გამართული ნატოს ყოველწლიური სამიტის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ ბორტზე. თუმცა, სინამდვილეში ისინი მხოლოდ ყურადღების გადასატანად გამოიყენეს, მანამ სანამ ტრამპი შედარებით მცირე ზომის Air Force C-32A-ით მგზავრობდა.

დეტალურად დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში, ტრამპი საჯაროდ ავიდა Air Force One-ის ბორტზე, რის შემდეგაც იგი უკვე ჩუმად გადაიყვანეს კეიტერინგის სატვირთო მანქანის კონტეინერში, რომელიც საპრეზიდენტო თვითმფრინავის შესასვლელის საპირისპირო მხარეს მდებარე კარს მიუყენეს.

კონტეინერში ტრამპთან ერთად რამდენიმე თანაშემწეც იმყოფებოდა. კონტეინერი ასაფრენ ზოლზე მდგარ სატვირთოზე დაუშვეს და იქვე მყოფ Air Force C-32A-ისკენ წაიღეს, სადაც ის ალტერნატიული თვითმფრინავის კარამდე მიიტანეს, რამაც ტრამპსა და მის თანაშემწეებს საშუალება მისცა, ბორტზე შეუმჩნევლად ასულიყვნენ.

“Washington Post“ – ის ცნობით, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ძველი მოდელის მსგავსად, C-32A-ც ლურჯ-თეთრ ფერებში იყო შეღებილი და ზედ “United States of America“ ეწერა.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპთან ერთად საიდუმლო რეისზე ომის მდივანი პიტ ჰეგსეთიც იმყოფებოდა, თუმცა იგი ბორტზე ცალკე, გარე კიბით ავიდა, რათა “ფრენას ჩვეულებრივი იერი ჰქონოდა“.

ანკარიდან გაფრენის შემდეგ, C-32A გაერთიანებულ სამეფოში, “მილდენჰოლის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე“ დაეშვა. თვითმფრინავი დაახლოებით 9 წუთით ადრე დაჯდა, სანამ იმავე ბაზაზე Air Force One-ით ჟურნალისტები და თეთრი სახლის თანამშრომლები ჩაფრინდებოდნენ.

ტელეკამერებისა და მედიის მიხედვით, ტრამპი Air Force One-ის გარე კიბეზე თვითმფრინავის დაჯდომიდან დაახლოებით 25 წუთის შემდეგ ჩამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადავიდა პრეზიდენტი C-32A-დან მეორე, ძირითად თვითმფრინავში.

მილდენჰოლში ტრამპი, თეთრი სახლის პერსონალი და ჟურნალისტები 400 მილიონი დოლარის ღირებულების იმ ლუქს-კლასის თვითმფრინავში გადასხდნენ, რომელიც მას კატარმა აჩუქა.

კატარის მიერ ნაჩუქარ თვითმფრინავში ასვლის შემდეგ, ტრამპი ბორტის ბოლოში გადავიდა და ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა. თუმცა მას ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ ფრენის პირველი ეტაპის განმავლობაში მათთან ერთად არ იმყოფებოდა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა “Washington Post“ -ს განუცხადა, რომ საიდუმლო ოპერაცია ტრამპის სიცოცხლის მიმართ ირანის მხრიდან წამოსული საფრთხის გამო დაიგეგმა. თუმცა, წყაროს საფრთხის ზუსტ ხასიათზე არ უსაუბრია. “Wall Street Journal“ -ის ცნობით, ინფორმაცია რომლიც სავარაუდო ირანული შეთქმულებასა და ტრამპის მკვლელობასა ეხებოდა აშშ-ს ისრაელმა მიაწოდა.

წყარო