მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 13:27
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

მედია – დონალდ ტრამპი, ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო, თურქეთიდან საიდუმლო რეისით წაიყვანეს

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 10:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში თურქეთი საიდუმლო სამხედრო რეისით დატოვა.

მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა შენიღბვის უჩვეულო ოპერაცია – ტრამპი ერთი თვითმფრინავიდან მეორეში კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით გადაიყვანეს და ეს უჩვეულო ოპერაცია ირანის მხრიდან მისი მკვლელობის საფრთხემ განაპირობა.

თეთრმა სახლმა იმ დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თურქეთიდან, სადაც ის ნატო-ს სამიტს დაესწრო, გაერთიანებულ სამეფოში Air Force One-ით მიფრინავდა. თუმცა, Washington Post-ის ცნობით, თვითმფრინავში ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპმა ის ფარულად დატოვა – ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ჩამოვიდა და დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად სხვა თვითმფრინავში გადავიდა.

გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, რის შემდეგაც ის ფარულად გადაიყვანეს აეროპორტის კვების მომსახურების სატვირთო მანქანით უფრო პატარა თვითმფრინავში – სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A-ში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ აშშ-მა ირანის მხრიდან თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გასროლის სარწმუნო საფრთხე დააფიქსირა.

მედიის ინფორმაციით, C-32A, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 22:20 საათზე ჩაფრინდა, ძველი Air Force One-ი და მედია კი რამდენიმე წუთში ჩავიდნენ. Washington Post-ი წერს, რომ გაურკვეველია, თუ როგორ დააბრუნეს ტრამპი C-32A-დან ძველ Air Force One-ზე. როდესაც Washington Post-მა მესამე თვითმფრინავის გამოყენებით განხორციელებული საიდუმლო ფრენის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი ითხოვა, თეთრმა სახლმა კომუნიკაციების დირექტორის, სტივ ჩუნგის განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კატარის მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავი აღჭურვილია მაღალი დონის უსაფრთხოების პროტოკოლებით, რომლებიც უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას.

„როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ამერიკას ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან მიმართული, და ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა ჩუნგმა.