პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარეალიზაციოდ გამზადებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, 41 შეკვრად დაფასოებულ „მეთადონს” ინახავდა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.