„ფირის გამჟღავნების შემდეგ, კადრში უცნობი ფიგურა გამოჩნდა…“ – სოლვეი ფერტის იდუმალებით მოცული საქმე

ერთ ჩვეულებრივ დღეს, 5 წლის ქალიშვილს ფოტოგრაფმა ჯიმ ტემპლტონმა ფოტო გადაუღო. ფირის გამჟღავნების შემდეგ, უკანა ფონზე, თეთრ კოსტიუმში ჩაცმული უცნობი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც, გარეგნულად, ასტრონავტს ჰგავდა. ეს ამბავი 1964 წლის 23 მაისს ინგლისში, სოლვეი-ფერტის სანაპიროსთან მოხდა.
ტემპლტონი ამტკიცებდა, რომ გადაღების მომენტში ბავშვის უკან არავინ იდგა და არც მას და არც ოჯახის წევრებს ეს ფიგურა არ დაუნახავთ. კიდევ უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ეს გამოსახულება მხოლოდ ერთ ფოტოში ჩანდა.
ფოტო პოლიციას წარუდგინეს, მოგვიანებით კი, მისით Kodak-ის სპეციალისტებიც დაინტერესდნენ. გამოკვლევის შემდეგ, მასზე გაყალბების, ან ხელოვნური ჩარევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. ფოტოს, მალე, „სოლვეი-ფერტის ასტრონავტი“ შეარქვეს და მისი ისტორია უცხოპლანეტელების თეორიასაც დაუკავშირეს. გაჩნდა უამრავი ვერსია – მათ შორის, თითქოს ფოტო საიდუმლო სამხედრო ექსპერიმენტთან იყო დაკავშირებული.

2014 წელს მკვლევარმა დევიდ კლარკმა ივარაუდა, რომ უცნობი ფიგურა, შესაძლოა, ჯიმ ტემპლტონის მეუღლე, ენი ყოფილიყო. იმ დღეს მას ღია ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც ძლიერი განათების გამო ფოტოზე, შესაძლოა, თეთრად გამოჩენილიყო. კამერაში სივრცე სრულად არ ჩანდა, ამიტომ შესაძლებელია, ფოტოგრაფს კადრში შემოსული ადამიანი, უბრალოდ, ვერ შეემჩნია. მაგრამ თავად ტემპლტონი ამ ახსნას არ ეთანხმებოდა.
ასტრონავტი, უცნობი ადამიანი თუ უბრალოდ ფოტოგრაფიული ილუზია? ფოტო ნამდვილია. მაგრამ ვინ იყო რეალურად ეს უცნაური ფიგურა,- ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ არსებობს.