“ერთი ტყვე ერთი გადარჩენილი ქართველი იყო, შესაბამისად, აფხაზეთის ომში ქართველები ტყვეებს არ ხვრეტდნენ. ეს შესანიშნავად იცის გიორგი ბარამიძემ” – რას ამბობს მამუკა მამულაშვილი

“ერთი ტყვე ერთი გადარჩენილი ქართველი იყო, შესაბამისად, აფხაზეთის ომში ქართველები ტყვეებს არ ხვრეტდნენ. ეს შესანიშნავად იცის გიორგი ბარამიძემ, რადგან ის თავად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში “საქართველოს დაბადება“ განაცხადა, რომ თითქოს აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ამას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. საკითხით პროკურატურაც დაინტერესდა და “სამშობლოს ღალატის“ მუხლით გამოძიება დაიწყო. ამასთან, საზოგადოებაში ბარამიძის აფხაზეთის ომში მონაწილეობისა და მისი რეალური როლის შესახებ კითხვები გაჩნდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბარამიძე ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობდა: “აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლაში მე ვიყავი წამყვანი ფიგურა. ის ჩემი მეგობარი და პარლამენტის წევრი იყო. ჩამოდიოდა თვეში ერთხელ, თავს იწონებდა, შეხვედრებსა და გაცვლებს ესწრებოდა, თავისი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა. ცუდიც არაფერი იყო ამაში, მაგრამ არც – კარგი…“
მამუკა მამულაშვილი:
– როდესაც ტყვეობაში ვიმყოფებოდი, პირადად მახსოვს, რომ გიორგი ბარამიძე ჩამოდიოდა გუდაუთის ბანაკში, სადაც ქართველი სამხედრო ტყვეები ვიყავით და გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობდა. რამდენადაც მაშინ ვიცოდი, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტს ან სტრუქტურას, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებზე მუშაობდა. სახელმწიფო დონეზე მის ოფიციალურ თანამდებობას ან იმდროინდელ პოლიტიკურ გარემოებებს ვერ შევაფასებ, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი ბანაკში ყოფნა და ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობა ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენი ბიჭების ნაწილი, რომლებიც მაშინ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, სწორედ გიორგი ბარამიძესთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში. რაც შეეხება აფხაზეთის ომის დროს ტყვეების მიმართ მოპყრობას, აქაც მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვისაუბრო. ომის დაწყებიდან დასრულებამდე იქ ვიყავი. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ აფხაზეთში აყვანილი ტყვე დაეხვრიტათ. მამაჩემის დანაყოფსაც არა ერთხელ აუყვანია ტყვეები, მაგრამ არათუ არ დაუხვრეტიათ, უდიერადაც არ მოქცევიან, უფრო მეტიც, მახსოვს მძიმედ დაჭრილი ტყვეები, რომლებსაც ჩვენებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თქვენ იცით, რომ მეც ნამყოფი ვარ ტყვეობაში და, ალბათ, სწორედ ამიტომ ვუყურებ ამ საკითხს განსაკუთრებით მძაფრად. ტყვეების დახვრეტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თითოეული ტყვე იყო თითო გადარჩენილი ქართველი ადამიანის სიცოცხლის შანსი… წაიკითხეთ ვრცლად