„მისი ცხოვრება შეიცვალა, თუმცა აუცილებლად დაბრუნდება”, – მახაჩევი თოფურიაზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა დემეტრიუს ჯონსონთან საუბარში საკმაოდ დიდი დრო ილია თოფურიას დაუთმო. დაღესტნელმა მებრძოლმა განიხილა ქართველი მსუბუქწონოსნის ჯასტინ გეიჯისთან წაგება და მასთან ჩაშლილი ჩხუბი.
“სიმართლე გითხრათ, ბრძოლის შედეგით გაკვირვებული დავრჩი. მეგონა, რომ თოფურია გაიმარჯვებდა, თუმცა როდესაც ჩემპიონობის შემდეგ ფოკუსს კარგავ, ასეთი რაღაცეები ხდება. შერეული საბრძოლო ხელოვნებები ძალიან სახიფათო სპორტია. ილიამ გეიჯი სათანადოდ არ დააფასა, რადგან ეგონა, მარტივად მოუგებდა.
საკუთარი ძალების სჯეროდა, თუმცა ჯასტინი ნამდვილი მეომარია. მას შეუძლია, რომ მთელი ღამე იბრძოლოს.იცით, რა არ მესმის და რატომ ვამბობ, რომ ფოკუსი დაკარგა? როგორ შეიძლება, ჩხუბის წინ წვეულებები გამართო და მოგება იზეიმო? ვიდეო ვნახე, რომელშიც ისინი წინასწარ აღნიშნავენ…უცნაურია.
როდესაც წონას ვაბარებ, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად რესტორანში მივდივარ. მადლობას ვუხდი ბიჭებს, ვინც წონის დაკლებისა და მოსამზადებელი კემპისას მეხმარებოდნენ, მაგრამ ყველა პოპულარული ადამიანის მოწვევა, სოციალურ ქსელებში რეკორდის შეცვლა, თითქოს უკვე მოიგე, ნამდვილად არ მესმის.
თოფურიას მომავალი? რა თქმა უნდა, ის დაბრუნდება, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია და დრო აქვს. იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება და ღირსეულ გამოსვლას აჩვენებს, რადგან, ჩემი აზრით, ილია კარგი მებრძოლია. დარტყმა, ჭიდაობა, პარტერში კარგი უნარები აქვს. თუ ფოკუსი შეინარჩუნა, შეიძლება, ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს.
ასეთი ბრძოლა ცხოვრებას ცვლის, უბრალოდ არ ვიცით, რომელ მხარეს, დადებითად თუ უარყოფითად.ჩვენ გვქონდა საუბარი თეთრ სახლში ჩხუბზე. აბდელაზიზმა დამირეკა და მითხრა, რომ ვიბრძოლებ და კარგ ფულს გადამიხდიან…თანახმა ვიყავი. შემდეგ მან ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ჩხუბისთვის თოფურიამ დიდი თანხა მოითხოვა, მანამდე შეთავაზებული ფულის სანაცვლოდ კი გეიჯისთან ბრძოლა აირჩია.
ჩვენი დაპირისპირება სწორედ ამიტომ არ შედგა. მზად ვიყავი ივნისში დასაბრუნებლად, მოგვიანებით ივლისში მაკგრეგორი ბრუნდებოდა, ამიტომ თავისუფალი მხოლოდ აგვისტო იყო, მაგრამ ზაფხულის დასაწყისიდან მე მზად ვიყავი. მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, 34 წლის ვარ და ვხვდები, არც ისე ბევრი ჩხუბი დამრჩა კარიერაში”, – განაცხადა რუსმა მებრძოლმა.