“წელს გზა გვიან გაიხსნა. ივნისი თითქმის მთლიანად “ჩავარდა“ ტურისტული თვალსაზრისით” – რას ჰყვება მარგარეტ დაიაური ხევსურეთიდან მთაში ცხოვრებასა და გამოწვევებზე

“ბევრს ჰგონია, რომ ხევსურეთი და მთა, ამდენი წლის განმავლობაში შეხება რომ მაქვს, უნდა მომბეზრდეს თუ მომწყინდეს, ან უნდა მივჩვეოდი და ხიბლი დაეკარგა ჩემთვის, თუმცა, ასე არასდროს ხდება. ყოველთვის ახლიდან მიყვარდება და უფრო მეტად ვაფასებ ჩემს კუთხეს”, – ამბობს მარგარეტ დაიაური, რომელიც Ambebi.ge-ს ხევსურეთიდან ესაუბრა.
– მარგარეტ, ზამთარშიც ხევსურეთში იყავით, რომ გვიამბოთ როგორი იყო წლევანდელი ზამთარი ხევსურეთში…
– ჩემს კუთხეში და მითუმეტეს, ჩემს სოფელ მიცუში გატარებული დრო, ჩემთვის ყოველთვის შესანიშნავი და ემოციურია. თან ზამთარი ჩემი საყვარელი სეზონია, მითუმეტეს მთაში ნამდვილად ჯადოსნურია. მიუხედავად ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ხევსურეთი მაინც თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი ყველა სეზონზე.
წელს, ზამთარში, ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად დავდიოდი მთებში, დაუვიწყარი ხედები ვნახე და თავიდან შემიყვარდა აქაურობა. ბევრს ჰგონია, რომ ხევსურეთი და მთა, ამდენი წლის მანძილზე შეხება რომ მაქვს, უნდა მომბეზრდეს თუ მომწყინდეს, ან უნდა მივჩვეოდი და ხიბლი დაეკარგა ჩემთვის, თუმცა, ასე არასდროს ხდება. ყოველთვის ახლიდან მიყვარდება და უფრო მეტად ვაფასებ ჩემს კუთხეს, კულტურას, ტრადიციებს და ვფიქრობ, ჩემი მთისადმი და კონკრეტულად, ხევსურეთისადმი დამოკიდებულება მეტყობა კიდეც. მგონია, რომ ამას, ხევსურეთში ამოსული დამსვენებლებიც ხედავენ და გრძნობენ.
– როგორც ვიცი, პირიქითა ხევსურეთის სხვა სოფლებიც მოიარეთ, როგორი სურათი დაგხვდათ იქ?
– დიახ, პირიქითა ხევსურეთის სოფლებში, ხალხი ნაკლებად იყო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ცოტა ადამიანი რჩება ზამთარში, მხოლოდ ისინი, ვისაც სამსახური აქვთ ან უკვე, ათწლეულებია ასე ცხოვრობენ, ან ბავშვობიდან იქ არიან. ახალი არავინ ამოსულა და დარჩენილა მუდმივ მკვიდრად, სამწუხაროდ.

– ალბათ ბევრს უკვირს, რატომ აღარ ასწავლით შატილის სკოლაში. როგორია შატილის სკოლის დღევანდელობა?
– სკოლაში, კვლავ, ერთადერთი მოსწავლეა დარჩენილი, ჩემი ბიძაშვილი ქეთევან დაიაური. მე-10 კლასში გადადის და კლასელი არასდროს ჰყოლია, ახლა უკვე ერთი სკოლელიც არ ჰყავს. ეს გულდასაწყვეტია, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა და ფაქტი ასეთია. გაკვეთილების უმეტესობა ონლაინ უტარდება, ფაქტობრივად, კორონას პერიოდში როგორც სწავლობდნენ ბავშვები, იმავეს გადის ქეთო მუდმივად.
რაც შეეხება ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებას და ინტერესს, მთელი გულწრფელობით, უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით მგულშემატკივრობს წლებია. ხევსურეთში რომ ამოდიან, ვინც თვალს მადევნებს, სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი დაუვიწყარია მათთან შეხვედრა და მათი დამოკიდებულება ჩემთან. განსაკუთრებით მიხარია ხოლმე, როცა მეუბნებიან რომ ხევსურეთის ნახვა პირველად მაშინ გადაწყვიტეს, როცა ჩემი პოსტები ან ვიდეოები ნახეს.

წელს განსაკუთრებულად ვიგრძენი ხალხის დამოკიდებულება და იმედი მაქვს, მეც შევძელი იმ სასწაული ემოციების მათთვის დაბრუნება. უსაყვარლესები არიან ჩემი გულშემატკივრები, მათ ჰგონიათ, რომ მათთვისაა სიხარული ჩემი ნახვა, თუმცა ვფიქრობ, პირიქით, ჩემთვისაა პატივი და ბედნიერება მათი ის ემოციები, რასაც გამოხატავენ ხოლმე.
– უკვე ოთხი თვეა ხევსურეთში ხართ, ამ ზაფხულს როგორია ტურისტების ნაკადი და წლევანდელi ზაფხულის ხევსურეთზე რომ გვითხრათ, პრობლემებზე…
– წელს გზა გვიან გაიხსნა. ივნისი თითქმის, მთლიანად “ჩავარდა“ ტურისტული თვალსაზრისით. ბევრი მეწყერი და ზვავი ჩამოწვა გაზაფხულზე, სანამ ხეობები არ გათავისუფლდა და სანამ გზა არ გაწმინდეს, ფაქტობრივად, ერთი თვე გავიდა. ივლისში დაიწყო ხალხმა სიარული, მაგრამ ხევსურეთი-თუშეთის საფეხმავლო ბილიკი უფრო გვიან გაიწმინდა. თუშებმა თავისი ხელით გაწმინდეს, რომ ტურისტებს ხევსურეთიდან იქით გადასვლა და პირიქით, შესძლებოდათ.
ვერ ვიტყვი, რომ ბევრი დამსვენებელია წელს, ძირითადად შაბათ-კვირას დადის ხალხი, სამსახურების გამო, თუმცა წინა წლებს არც შევადარებ. ვფიქრობ, ხევსურეთს პოპულარიზაცია აკლია, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, კუთხის პოპულარიზაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია.

– პირიქითა ხევსურეთისთვის სახელოვნებო ცენტრის შექმნას გეგმავდით, თუ იბრძვით ისევ ამისთვის…
– დიახ, გავაკეთე კიდეც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ვეღარ მოხერხდა მისი ამუშავება. რა თქმა უნდა, ვგეგმავ იგივე ცენტრის გაკეთებას, ამჯერად ჩემს სოფელ მიცუში და ველოდები მიწების რეგისტრაციის დასრულებას, რომ ყველაფერი, რაც მინდოდა და მინდა, ახლიდან დავიწყო. ეგ არის ჩემი მთავარი მიზანი, არასდროს დამეზარება ნულიდან დაწყება, როცა რაღაც მინდა, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და ჩემს ცხოვრებაში, თუკი რამე წარმატება მქონია, ზუსტად ჩემი ამ ხასიათის დამსახურებაა. ჩემთვის “ლანგრით“ არავის არაფერი მოუტანია, ყველაფერი ჩემი ბრძოლისუნარიანობით შევძელი.

– ხელშეწყობა თუ არის რომელიმე მიმართულებით სახელმწიფოსგან ხევსურეთში…
– სხვათა შორის, მიცუ-არდოტის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტირდა, რაც ძალიან გამიხარდა. ახლა მზის დაფები უნდა გადასცენ ადგილობრივებს, ვისაც საკმარისი ან საერთოდ დენი არ აქვს. ესეც გამიხარდა. მომავალ წელს მობილური დაიჭერს მიცუში და მიღმახევის ხეობის კიდევ 1-2 სოფელში. იმდენად დიდი შოკი იყო წელს ეს ამბავი რომ გავიგე, აი ვიღაცებისთვის ეს არაფერია, მობილური კავშირია ხო?! 21-ე საუკუნეა, ვის უკვირს, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელი იყო, ახლაც ვერ ვიაზრებ, რომ ჩემს სოფელში და არა მხოლოდ, მობილურით დარეკვას შეძლებენ ადამიანები. ამ ფაქტით უბედნიერესი ვარ.
ამდენი წლის შემდეგ, ამ დროში, პირველად დაიჭერს მობილური მიღმახევში და ჩემს სოფელში. ინტერნეტი როცა ითიშება უამინდობისას, გარე სამყაროსთან კავშირი წყდება ხოლმე და ეს მდგომარეობა შეიცვლება შემდეგ წელს.
პირიქითა ხევსურეთში ამბულატორია ისევ არაა, არც დამატებით ექიმი, პირველად დახმარებას მაინც რომ გიწევდეს. გზა, ანატორიდან მიცუმდე ისევ მისახედია, ჩემი სოფლიდან, პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფლის გზაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რაც ვფიქრობ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლისთვის და მთლიანად კუთხისთვის.