სტამბოლში პაკისტანის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

სტამბოლში ამ თვის ბოლოს პაკისტანის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის – „რეგიონული ოთხეულის“ – საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მხარეებმა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები განიხილეს.
საუბრისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაკისტანელი კოლეგა სტამბოლის მინისტერიალზე მიიწვია. იშაკ დარმა მოწვევა მიიღო და შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურა.