მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 22:23
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გია ვოლსკი – დასავლური კულტურა და სტანდარტები ჩვენთვის მისაღებია განა იმიტომ, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, არამედ იმიტომ, რომ ეს გვჭირდება – ამიტომ ვამბობთ, რომ დასავლეთის მიმართულებით ინტეგრაციის განვითარება არის საჭირო

IPN.ge 19 აგვისტო, 2026 · 20:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

მთავარი ხაზი ერთია – საქართველოს აქვს ინტერესები, საქართველოს შეუძლია გარკვეულ ინტერესებთან დაკავშირებით ცვლილების თაობაზე იმსჯელოს, თუკი ეს მის სამომავლო გადარჩენას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესს დაექვემდებაროს – ეს არ არსებობს! ეს არის გამორიცხული! – აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსთვის დასავლური კულტურა და დასავლური სტანდარტები მისაღებია და ეს არა იმიტომ, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვჭირდება.

მან აქვე დასძინა, რომ „არსებობს კონსპირაციული გეგმა, რომ თითქოს საქართველოში რაღაც ირღვევა, ქმნიან პირობებს და როცა კანონი მოქმედებს, ანტიდასავლელობას გაბრალებენ“.

ვოლსკიმ დღეს, 1783 წელს რუსეთის იმპერიასა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ხელმოწერილ “გეორგიევსკის ტრაქტატსა“ და მასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებაზეც ისაუბრა.

„მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც ექსტრემისტულ ჯგუფებს გააჩნია, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ, არის ერთი – საქართველოს ისტორიული არჩევანი, რომელიც ერეკლე მეორის პერიოდში გაკეთდა, დღევანდელობას დაუკავშირდეს და გარკვეული ქსენოფობიური პროცესები განვითარდეს, რაც იმ პერიოდთან იქნება დაკავშირებული. იმ პერიოდმა ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მისი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად გაუქმდა. მაგრამ მეორე მხრივ, ის ისეთ პროცესს გადარჩა, რომ საქართველო დღევანდლამდე ვერ მოიტანდა. ეს იმიტომ არა, რომ რუსეთის ინტერესი იყო, რომ საქართველო გადარჩენილიყო. მას თავისი ინტერესი ჰქონდა, თავისი ინტერესი ჰქონდა სპარსეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი ინტერესი ჰქონდა საფრანგეთსაც. სპარსეთსა და საფრანგეთს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომ იმას სამხრეთ კავკასია უნდა ემართა და გლობალური ომის პირობებში მხარი ნაპოლეონის კამპანიისთვის დაეჭირა. უამრავი ისტორიული ნიუანსია და ამის დღევანდელ დღეს გადმოტანა, რათა ქსენოფობიური დაპირისპირების რაღაც ახალი ხაზები გაჩნდეს, გარკვეულ თემებზე კონკრეტული პასუხების გაცემას ითხოვს.

თავიდან დაიწყო კამპანია, რომ ვიდრე ერეკლე მეფეს არ ამოვთხრით და თავის სახელს არ დავარქმევთ, საქართველოს არ ეშველებაო. ეს ლევან ბერძენიშვილმა თქვა და ეს აზრი ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აქტიურად განავითარა, მაგრამ მან პოპულარობა ვერ პოვა. გამომდინარე აქედან, ამ თემას მუდმივად უბრუნდებიან, რადგან როგორმე დაპირისპირების ახალი პლატფორმები წარმოიქმნას და ქსენოფობიური პროცესების განვითარების კამპანიას გარკვეული შედეგები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო განმარტებები, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

მთავარი ხაზი ერთია – საქართველოს აქვს ინტერესები, საქართველოს შეუძლია გარკვეულ ინტერესებთან დაკავშირებით ცვლილების თაობაზე იმსჯელოს, თუკი ეს მის სამომავლო გადარჩენას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესს დაექვემდებაროს – ეს არ არსებობს! ეს გამორიცხულია!

დასავლური კულტურა და დასავლური სტანდარტები ჩვენთვის მისაღებია განა იმიტომ, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით, არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენ გვჭირდება. ამიტომ ვამბობთ, რომ დასავლეთის მიმართულებით ინტეგრაციის განვითარება არის საჭირო და ეს ჩვენ გვჭირდება.

ფაქტია, რომ არსებობს კონსპირაციული გეგმა, რომ თითქოს საქართველოში რაღაც ირღვევა, ქმნიან პირობებს და როცა კანონი მოქმედებს, ანტიდასავლელობას გაბრალებენ – ეს ტაქტიკაა!“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.