მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 18:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად, გარე ზეწოლის გარეშე მოქმედება

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 16:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხმაურება.

ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან ერთად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის პრეზიდენტს და გუნდს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ICC მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს და ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას.

„მე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მტკიცედ ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტ ტომოკო აკანეს და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მისი მისიის დაცვას ემსახურებიან. ICC ხელს უწყობს მსოფლიოში ყველაზე საშინელი დანაშაულის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენას. ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესასრულებლად, მის მოსამართლეებსა და თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად და გარე ზეწოლის გარეშე მოქმედება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტისა და მაღალი რანგის იურისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციები დაუწესდა ICC-ის პრეზიდენტს, იაპონელ ტომოკო აკანეს და სასამართლოს უფროს იურისტს, სენეგალელ აბდულაიე სეიეს. რუბიოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ მცდელობებში, გამოეძიებინათ, დაეპატიმრებინათ, დაეკავებინათ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომელთა მთავრობებსაც ICC-ის იურისდიქციაზე თანხმობა არ განუცხადებიათ.