მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 16:34
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მსჯავრდადებული ქალების რესოციალიზაციის პროექტი სკანდალის მიზეზი ხდება – რას ედავება ნათია შათირიშვილი დალი ჩიტალაძეს და რას აცხადებს მოდის ცნობილი ექსპერტი?

Ambebi.ge 20 აგვისტო, 2026 · 14:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ქართულ შოუბიზნესში მორიგი ხმაურიანი დაპირისპირებაა. პროექტი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებული ქალების რესოციალიზაციასა და მათ მიერ შექმნილი სამოსის კოლექციის ჩვენებას ემსახურება, დიდი სკანდალის მიზეზი გახდა.

ყველაფერი ჟურნალ “თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუთი დაიწყო, რომელშიც მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ პენიტენციურ სისტემაში თავისი ახალი ამპლუისა და მასშტაბური გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩიტალაძის თქმით, მან პენიტენციურ სამსახურში მენტორად დაიწყო მუშაობა და მსჯავრდადებულ ქალებთან ერთად ბრენდ “ახალ ზონასა“ და 21 ლუქისგან შემდგარ ექსკლუზიურ კოლექციაზე მუშაობს, რომლის დეფილეც დეკემბერში იგეგმება.

დალი ჩიტალაძის ამ ინტერვიუს საპასუხოდ, პროექტის ავტორმა, ნათია შათირიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი და საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა – მან ჩიტალაძე სხვისი ნაშრომით აპელირებასა და იდეის მითვისებაში ღიად დაადანაშაულა.


  • ნათია შათირიშვილი: “მინიმუმ, უნდა გრცხვენოდეთ… ამ საკითხს ასე არ დავტოვებ!“

ნათია შათირიშვილის თქმით, პროექტის უკან უდიდესი შრომა, პირადი თავგანწირვა და ჯანმრთელობის ფასად გაწეული ძალისხმევა დგას, დალი ჩიტალაძის როლი კი პროცესში მინიმალური იყო.

“იდეაც ჩემია და შესრულებული პროექტიც – ჩემი. ეს პროექტი თავიდანვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის შეიქმნა – ქალი პატიმრების რესოციალიზაციისთვის, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის და მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენისთვის.

იდეის გაჩენისთანავე, საქმის პროფესიონალს დახმარებისთვის მივმართე ქ-ნ თამარ ნადირაძეს, “მარი გოლდის“ დამფუძნებელს. ასევე, პროექტში ჩავრთე კოლეჯი BDC-ის ჭრა-კერვის მასწავლებელი, ქ-ნ თეა მაისაშვილი. ორივე მათგანი სრულიად უანგაროდ დამიდგა გვერდით და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ამ საქმეს მოახმარეს.

რაც შეეხება თქვენ, ქ-ნ დალი ჩიტალაძე საქმის მცოდნედ რომ მიგიჩნიეთ. თქვენ მხოლოდ პროექტის დასასრულს გთხოვეთ, შეგეხედათ პატიმარი ქალების ნამუშევრებისთვის. ეს იყო თქვენი წვლილი ამ პროექტში და მეტი არაფერი.

ამ პროექტისთვის სახელმწიფოსგან არც ანაზღაურება მომითხოვია და არც ვინმეს ამოვფარებივარ. პირიქით – მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე.

მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, თვეების განმავლობაში ვმუშაობდი, რადგან არ მინდოდა პროექტი ჩაშლილიყო და იმ ქალებისთვის, რომლებიც ამ დღეს ელოდნენ, იმედი გამეცრუებინა.

დეფილეს დასრულების ღამეს საოპერაციოდ გავფრინდი.

ეს დეტალი შესაძლოა ჩემთვის ყველაზე მძიმე ნაწილი იყოს, მაგრამ დღეს ამაზე საუბრის მიზეზი მხოლოდ ერთია – მინდა ნათლად იყოს ცნობილი, რამდენი შრომა, პასუხისმგებლობა და პირადი თავგანწირვა იდგა ამ პროექტის უკან.

და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს პროექტი დეფილეთი არ დასრულებულა.

ის ქალები დღემდე ჩემს გვერდით არიან.

ზოგი სწავლას აგრძელებს, ზოგი სამუშაო პროცესშია ჩართული და საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს.

სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი – არა მხოლოდ ერთი ღონისძიების ჩატარება, არამედ ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემა და მათი საზოგადოებაში დაბრუნების ხელშეწყობა.

ამიტომ, ქ-ნო დალი, მინიმუმ, უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც სხვის იდეას და სხვის მიერ განხორციელებულ საქმეს საკუთარ დამსახურებად იჩემებთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამავე საქმის საფუძველზე სახელმწიფოსგან დაფინანსებას ითხოვთ.

ვის ამოეფარებით, ვის ზომებზე შეკერავთ ნამუშევრებს და ვის მიჰყიდით – ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მე ვიცი სიმართლე.

ვიცი, ვის გაუჩნდა ეს იდეა.

ვიცი, ვინ შექმნა და განახორციელა პროექტი.

ვიცი, ვინ იდგა ამ ქალების გვერდით მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – ამ საკითხს ასე არ დავტოვებ…


  • დალი ჩიტალაძის პასუხი: “ძალიან სასაცილოა, რასაც ესენი აჟიოტაჟს ტეხენ“

წამოყენებულ ბრალდებებსა და სოციალურ ქსელში აგორებულ აჟიოტაჟს AMBEBI.GE-სთან საუბარში თავად დალი ჩიტალაძე გამოეხმაურა. მოდის ექსპერტი აცხადებს, რომ მსგავსი პროექტები კერძო საკუთრება ვერ იქნება და ის ახლა სრულიად ახალ ინიციატივას უდგას სათავეში.

– თუ ვინმე სიკეთეს გააკეთებს და ამას დაიბრალებს, დაიბრალონ. საერთოდ ავადმყოფ ადამიანს წამალს ვინ მიაწვდის და ვინ გააკეთებს სიკეთეს, ეს არ არის დასათვლელი. დღეს თუ მე თუ რამეს ვაკეთებ, ეს არის პირველი ლედის იდეა, მე მას გვერდზე დავუდექი და ერთად ვაკეთებთ. არანაირი დაფინანსება არ ხდება, ფულთან არ არის კავშირში. ეს არის რესოციალიზაციის პროექტი და არა ჩემი მოგონილი.

ეს იდეა მთელ მსოფლიოშია განვითარებული და სანამ ქალბატონი შათირიშვილი გააკეთებდა ამ პროექტს, უკვე არსებობდა და სხვასაც აქვს გაკეთებული. ჩემი პასუხია, რომ სიკეთეს ვინც გააკეთებს და გაჭირვებულს დაეხმარება, ბევრმა გააკეთოს და თუ გინდათ ჩემი სახელიც დაიბრალოს ყველამ თავის თავზე. ყველას გაუმარჯოს. ასე რომ ძალიან სასაცილოა ახლა რასაც ესენი აჟიოტაჟს ტეხენ. გაჭირვებულ ადამიანს ვინც ბევრი დაეხმარება, ყველას ტაშს დავუკრავ.

აქვე ვახსენებ “დალოოდსა“ და ნანა შუკვანს, რომელმაც ძალიან დიდი რესურსი მოგვცა ქსოვილების, საჩუქრად გადასცა ჩვენს პროექტს.

  • როგორ განვითარდება მოვლენები და მოჰყვება თუ არა ამ დაპირისპირებას სამართლებრივი ან ოფიციალური გაგრძელება, ჯერჯერობით უცნობია. AMBEBI.GE თვალს ადევნებს პროცესებს და სიახლეებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.