მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 17:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ

Ambebi.ge 20 აგვისტო, 2026 · 15:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ.

ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ.

“შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.

მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ტელეფონის ნომერზე – (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონულ ფოსტაზე – info@emis.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.