მსოფლიო ეკოლოგიური რეჟიმის ცვლილებების კიდევ ერთი ცხადი ნიშანი – გრენლანდიის სანაპიროები ვეშაპებმა დაიპყრეს: მათ ხელს ყინული აღარ უშლის

აღმოსავლეთ გრენლანდიის სანაპიროებთან ზღვის ყინული სწრაფად ქრება, რასაც გიგანტური ვეშაპები სათავისოდ იყენებენ და ადრე მიუწვდომელ აკვატორიებს ითვისებენ.
ეს BBC-ის კორესპონდენტის მასალის შემცირებული და ადაპტირებული თარგმანია:
მკვლევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ და აფიქსირებდნენ, თუ როგორ ცურავენ და იკვებებიან ზაფხულობით ამ სანაპიროზე მსოფლიოში უდიდესი ძუძუმწოვრები – მათ შორის კუზა ვეშაპები, მცირე ზოლიანი ვეშაპები და ფინვალები.
ისტორიულად ამ ცხოველებიდან არცერთი არ ბინადრობდა აქ, რადგან სანაპირო წყლებში ყინული უშლიდათ ხელს. თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გამო, ზღვა დათბა და ყინული დადნა.
მეცნიერები ამ მოვლენას სეზონურ არქტიკულ “საკვებ ციებ-ცხელებას“ უწოდებენ – ეს აღმოსავლეთ გრენლანდიის ოკეანურ გარემოში ეკოლოგიური რეჟიმის მასშტაბური ცვლილების ნაწილია.
გემებიდან წარმოებული დაკვირვებების თანახმად, 2006 წლამდე ამ რეგიონში კუზა ვეშაპები არ დაფიქსირებულან. 2007 წელს ისინი უკვე შვიდჯერ შენიშნეს, ხოლო 2024 წლისთვის მათი გამოჩენა 150-ჯერ დაფიქსირდა.
2015 და 2024 წლებში მკვლევრები აღმოსავლეთ გრენლანდიის სანაპიროსთან ულვაშიან ვეშაპებზე (ჯგუფი, რომელშიც შედიან ფინვალები, მცირე ზოლიანი და კუზა ვეშაპები) სისტემატურ საჰაერო დაკვირვებას აწარმოებდნენ.
მათ მიღებული ინფორმაცია გააერთიანეს თანამგზავრული ჭდეებით აღჭურვილი 15 ვეშაპის გადაადგილების მონაცემებთან და ინუიტი მონადირეების ცნობებთან. ამ ყველაფერმა სრული სურათის შექმნისა და იმ დასკვნამდე მისვლის საშუალება მისცა, რომ 2024 წლის ზაფხულში გრენლანდიის ზღვას დაახლოებით 4000 კუზა ვეშაპი, 6000 ფინვალი და 6000 მცირე ზოლიანი ვეშაპი ეწვია.
წამყვანი მკვლევარი, პროფესორი მადს პეტერ ჰეიდე-იორგენსენი გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტიდან, ამას “ეკოლოგიური რეჟიმის სერიოზულ ცვლილებას“ უწოდებს.
BBC-სთან საუბრისას ჰეიდე-იორგენსენმა რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს “სავარაუდოდ ყველაზე რადიკალური უწოდა იმ ცვლილებს შორის, რასაც სუბარქტიკაში ვხედავთ“.
როგორც ჩანს, წყლის ტემპერატურის მატების გამო, აღმოსავლეთ გრენლანდიის წყლებში გაჩნდა თევზი, რომლითაც ვეშაპები იკვებებიან. მეცნიერთა ვარაუდით, სამივე სახეობის ვეშაპები ზაფხულის სეზონზე სულ მცირე 800 000 ტონა თევზსა და კრილს ჭამენ.
ჯერჯერობით უცნობია, გაიზარდა თუ არა ამ სახეობის ვეშაპების საერთო რაოდენობა, თუ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სხვა ადგილებიდან გადმოსახლდა ჩრდილოეთით.
ექსპერტთა ნაწილს, რომლებთანაც BBC-მ ისაუბრა, დასავლეთ გრენლანდიიდან ცხოველთა მიგრაცია ადარდებს. გრენლანდიისთვის, სადაც ვეშაპების ზოგიერთ სახეობაზე ნადირობა დაშვებულია, ეს სენსიტიური საკითხია.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს “ოპორტუნისტი ულვაშიანი ვეშაპები“, ეტყობა, კარგად ეგუებიან მიმდინარე პროცესებს და შესაძლოა სარგებელიც კი ნახონ კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციით.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Marine Science.