მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 02:16
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

როდის გაწვიმდება და როდის გამოიდარებს – ორი კვირის ამინდის პროგნოზი

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 23:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელი დოდო გვაზავა „პრაიმტაიმთან“ შავი ზღვის სანაპიროსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელ ამინდზე საუბრობს.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.

„21, 22 და 23 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.

24 აგვისტოდან ამინდი შეიცვლება. 24-25 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ნალექი, შესაძლოა, 27-დან 29 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნოს. დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

არ არის გამორიცხული, 27, 28 და 29 აგვისტოს, ზღვაზე ტალღების სიმაღლეც გაიზარდოს. 30 აგვისტოდან პროცესების ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა 30-31 აგვისტოს ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადი იქნება და სრულ გამოდარებას არ ველოდებით“, – ამბობს დოდო გვაზავა.

მისივე განმარტებით, არსებული გლობალური პროგნოზების მიხედვით, 1-3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა კვლავ 31-33 გრადუსამდე მოიმატებს. ეს განსაკუთრებით ბათუმის ტერიტორიას ეხება.

თუმცა სინოპტიკოსი აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პროგნოზში გარკვეული ცვლილებები შესაძლებელია:

„ჯერ არამდგრადი სიტუაცია იკვეთება და ვნახოთ, რამდენად გამართლდება 11-დღიანი გლობალური რუკების პროგნოზი.“

დასავლეთ საქართველო

დასავლეთ საქართველოში ამინდი დაახლოებით შავი ზღვის სანაპიროს მსგავსი იქნება.

21-23 აგვისტოს უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ამასთან, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში, შესაძლოა, პერიოდულად აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს.

24 აგვისტოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. შედეგად, დასავლეთ საქართველოს მთიან და მთაგორიან რაიონებში ხანმოკლე წვიმები იქნება. ცალკეულ პერიოდებში ნალექი, შესაძლოა, ზომიერი ან ზომიერზე ძლიერი იყოს.

ამინდის გაუმჯობესება თვის ბოლოს, დაახლოებით 31 აგვისტოდან არის მოსალოდნელი. 1 სექტემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველო

დოდო გვაზავას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან მიმდინარე პროცესები უფრო მეტად ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე იმოქმედებს.

აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ მაღალი იქნება და 30-34 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

თუმცა 24-28 აგვისტოს აქაც შესაძლებელია არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და ცალკეულ ადგილებში შედარებით ძლიერი ნალექი.

სინოპტიკოსის განმარტებით, საქართველოს ამინდზე გავლენას ახდენს ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე ატმოსფერული პროცესებიც. ატლანტის ოკეანიდან ევროპის მიმართულებით კვლავ გადაადგილდება შედარებით ცივი ჰაერის მასებთან დაკავშირებული ციკლონები, რის გამოც, თვის ბოლოს პროგნოზი, შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს.

როგორი იქნება სექტემბრის დასაწყისი

არსებული მონაცემებით, სექტემბრის პირველი დღეები უმეტესად უნალექო და თბილი იქნება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა კვლავ არ გამოირიცხება.

შავი ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ბათუმში, 1-3 სექტემბერს ტემპერატურა, შესაძლოა, კვლავ 31-33 გრადუსამდე გაიზარდოს.