მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 18:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ბადრი ჯაფარიძე „ნეიტრალურ საქართველოზე“ – ებრძვიან საქართველოს, როგორც თვითონ თქვეს, კონსტიტუციის 78-ე მუხლს და შესაბამისად, არ მოსწონთ ის, რომ ჩვენ ვართ მომხრე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 15:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

(ნანა კაკაბაძე) აქტიური მხარდამჭერი იყო სახელმწიფო გადატრიალების 1991-1992 წლებში. (ლევან ნიკოლეიშვილი) „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო გენერალური შტაბის უფროსი და მაღალ თანამდებობას იკავებდა იმ პერიოდში, ახლა ის გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგე. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საერთოდ წარმოუდგენელ სისულელეებს ლაპარაკობდა, პირდაპირ გეტყვით – რა თქმა უნდა, ასეთი ჯგუფისთვის მიუღებელია ყველა ეროვნული ძალა, – ასე აფასებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების იმ განცხადებებს, რომელიც მათ „საბოტაჟის საქმეზე“ გააკეთეს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებს არ მოსწონთ, რომ „ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების“.

„რა უნდა გითხრათ, წინა სხდომაზე იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავის თავს უწოდებს „ნეიტრალურ საქართველოს“, ებრძვიან საქართველოს, როგორც თვითონ თქვეს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და შესაბამისად, არ მოსწონთ ის, რომ ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროკავშირში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების. მათ ვუსმენდით ჩვენ წინა სასამართლო სხდომაზე, რა თქმა უნდა, ისინი ვერანაირი მოწმეები ვერ იქნებიან რადგანაც ისინი ამბობენ, რომ ტელევიზიით აკვირდებოდნენ ჩვენს ვიზიტებს აშშ-ში, რაც არ მოსწონდათ, ჩვენს შეხვედრებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აი, ასეთი დღე გვქონდა წინა სასამართლო სხდომაზე. აქედან ერთ-ერთი ადამიანი (ნანა კაკაბაძე) აქტიური მხარდამჭერი იყო სახელმწიფო გადატრიალების 1991-1992 წლებში. მეორე (ლევან ნიკოლაიშვილი) „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო გენერალური შტაბის უფროსი და მაღალ თანამდებობას იკავებდა იმ პერიოდში, ახლა ის გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგე, ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საერთოდ წარმოუდგენელ სისულელეებს ლაპარაკობდა, პირდაპირ გეტყვით. არ მოსწონს ჩვენი ცხრა პუნქტიანი გეგმა, რომელიც „ლელომ” გამოაქვეყნა და რომელიც მაშინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ ჩვენი ქვეყნის დასაცავად გამოვაქვეყნეთ. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა, თუ ოკუპანტს აკრიტიკებ. აი, ასეთი ჯგუფი იყო წარმოდგენილი წინა სხდომაზე. რა თქმა უნდა, ასეთი ჯგუფისთვის მიუღებელია ყველა ეროვნული ძალა, ყველა ძალა, რომელიც იღვწის იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შენარჩუნდეს, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გზა არის დიდ ოჯახში გაერთიანება, ამიტომ გასაკვირი არ არის ის განცხადება, რაც თქვენ მოისმინეთ”. განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები არიან ის პირები, რომელთა განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აღნიშნულ საქმეზე გასულ სასამართლო სხდომაზე ჩვენება უკვე მისცა „ნეიტრალური საქართველოს“ რამდენიმე წევრმა – ნანა კაკაბაძემ, ვატო შაქარიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება პროკურატურის ოთხი მოწმე, რომელთა შორისაა „ნეიტრალური საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, გელა ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.