ზვიად შალამბერიძე: არცერთი ადამიანის სიცოცხლე არცერთ მილიარდად არ ღირს, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს ადამიანის სოცოცხლე ფინანსურად იზომებოდა

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო. არაერთი დადასტურებული ფაქტია, ამ პერიოდში მათთვის რა ღირდა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ზვიად შალამბერიძეს დაუსვეს კითხვა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„ასეთი რიტორიკა გრძელდება მათი პარტიის ლიდერების მხრიდან. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება მათ განცხადებებს სწორად აფასებს და ყოველ ჯერზე ამ ადამიანებს პოლიტიკურ სანაგვეზე იმ ადგილს უჩენს, სადაც არიან. ნიკა გვარამიას მხრიდან ადგილი აქვს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის მიზნით მანიპულაციას, რომ თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა, საქართველოში მილიარდები და ტრილიონები შემოვიდოდა. არცერთი ადამიანის სიცოცხლე არცერთ მილიარდად არ ღირს. სამწუხაროდ, წინა მთავრობის დროს ადამიანის სოცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.