მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 19:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე

IPN.ge 17 ივლისი, 2026 · 16:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ საქართველოს მიმართ რეზოლუციების მიღება მცოცავ ოკუპაციას შეადარა და მას „მხტუნავი პიარ-სვლა“ უწოდა.

„გახსოვთ ალბათ, რომ თავის დროზე „ნაცებმა“, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს და ხალხი გვერდით გაწიეს, იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა გაეზიარებინათ, მოიფიქრეს ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია”. ანუ მათ რაც „დაუკანონეს”, 2007 წლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილმა რა ფარგლებშიც მოაქცია, მისი თქმით, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, იმ ფარგლებში და ამის საფუძველზე ბორდერიზაციასა და მავნებლობას ოკუპანტის მხრიდან პიარულად დაუპირისპირეს ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ – ვითომ თავის დროზე, მათი პიარული გათვლებით, შემოვარდნენ და მერე ცოცვა-ცოცვით მოიწევენ წინ, არადა ბორდერიზაციის ფარგლებში მავნებლობაზე გვაქვს საუბარი.

ასევეა დღეს, ნელ-ნელა აფართოებენ საქართველოზე ზეწოლის წრეს, ახლა ეუთოც ჩაერთო ამაში და ის თუ მცოცავი ოკუპაციაა, აქ „მხტუნავი” პიარ-გათვლები ჰქონდათ საქართველოს გამოტოვებით. როგორ აკავშირებენ იმ ქვეყნებს, რომლებზეც ისინი საუბრობენ, შავ ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან, წარმოუდგენელია. გადაახტება ვინმე ამ ქვეყანას? საქართველოს გარეშე შავ ზღვაზე ლაპარაკი აბსურდი აღარ არის. აბსურდი არის სხვა რაღაცები, რასაც აქამდე ლაპარაკობდნენ. ეს არის უკვე თავხედური პიარ-სვლები, რომელსაც პროპაგანდის გარდა არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. საქართველოსთან მიმართებაში არასერიოზულობის ახალი მწვერვალი არის დაპყრობილი ასეთი მიდგომით, თუმცა ამას უნდა შევეგუოთ.

რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე”, – განაცხადა მდინარაძემ.