ორი დღის წინანდელი პროგნოზი მოულოდნელად შეიცვალა: წვიმები ძლიერი სიცხის ნაცვლად – როგორი ამინდი გველოდება წინ

ამინდი, კლიმატი თანამედროვე ადამიანისთვის უკვე დიდი ხანია, სერიოზული გამოწვევაა… როგორი ამინდები გველოდება საქართველოში დღეს და ამ ზაფხულს? – ეს არის ერთ-ერთ მთავარი კითხვა ახლა, რომელიც ყველას გვაწუხებს… ამ თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ვესაუბრეთ.
– ქალბატონო დოდო, გარკვეული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი… როგორია თქვენი ოფიციალური პროგნოზი კვირის ბოლომდე, 19 ივლისის ჩათვლით?
– დიახ, 19 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ნალექების რაოდენობა დასავლეთის მთიან რაიონებში შედარებით გააქტიურდება, განსაკუთრებით 19 ივლისს. ეს ძირითადად კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებსა და მიმდებარე რეგიონებს – სვანეთსა და რაჭის შემოგარენს შეეხება. თუმცა, დაბლობში დროგამოშვებითი წვიმის ალბათობა პროცენტულად დაბალია, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნალექი შესაძლებელია. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ამ კვირის განმავლობაში დასავლეთის დაბლობ რაიონებში დიდი მატება არ არის მოსალოდნელი და მაქსიმუმი 28–29 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში გასულ დღეებში ტემპერატურა შედარებით დაბალი იყო (დაახლოებით 23 გრადუსი) და ახლაც მხოლოდ ერთი-ორი გრადუსით მოიმატებს.აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 17 ივლისს და ხვალ 18 ივლისს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სეტყვის ალბათობა დიდი არ არის, თუმცა პროცესი უფრო ელჭექით გამოიხატება. გასულ დღეებში აქაც დაიკლო ტემპერატურამ, არ ყოფილა ძალიან მაღალი – დაახლოებით 30–32 გრადუსი ფიქსირდებოდა. მაგალითად, გუშინ, 16 ივლისს, დედაქალაქში მხოლოდ 28 გრადუსი იყო, სამხრეთ რაიონებში კი – 30 გრადუსი.
დღეს ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით მოიმატებს და ბარში 32 გრადუსამდე მიაღწევს, მთიან რაიონებში კი – 28 გრადუსამდე.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან და მთლიანად 19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი, კერძოდ კი – ძალიან ძლიერი ნალექი აღინიშნოს 19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში, შესაძლოა საკმაოდ უხვი ნალექი გვქონდეს. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც ვერ მოიმატებს – თუ დღეს რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, 19 ივლისს ისევ დაიკლებს და 28 გრადუსამდე ჩამოვა.
– როგორია ზოგადი ტენდენცია? თქვენ ხშირად აანალიზებთ ზაფხულის საერთო სურათს. აი, მომდევნო ორი კვირის ან თუნდაც 10 დღის ჭრილში რომ შევხედოთ – ეს შედარებით გრილი ამინდები შენარჩუნდება თუ ტემპერატურა უფრო მოიმატებს?
– აქამდე არსებული 10-დღიანი პროგნოზით ჩანდა, რომ 23 ივლისიდან ტემპერატურის მკვეთრი მატება უნდა დაწყებულიყო და სიცხეს შესაძლოა, 40 გრადუსისთვისაც კი მიეღწია. მაგრამ გლობალური მოდელების მონაცემები ყოველდღიურად იცვლება და დღევანდელი სურათი ამ პროგნოზს აღარ ადასტურებს. ორი დღის წინ რომ გეკითხათ, დაზუსტებით გეტყოდით, რომ 23 ივლისიდან სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების შემოჭრის გამო 40-გრადუსიანი სიცხეები დაიწყებოდა.
თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, კვლავ აქტიურია ატლანტიკის ჩრდილოეთიდან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში შემოჭრილი შედარებით გრილი ჰაერის მასები, რომლებიც სამხრეთისკენ ძალიან ღრმად ეშვება. ეს იწვევს არამდგრადობას. არის წვიმები. ამ ორ მასას – ჩრდილოეთიდან წამოსულ შედარებით გრილ და სამხრეთის ცხელ ჰაერს შორის დაპირისპირება იწვევს მოღრუბლულობას შავი ზღვის სანაპიროსა და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (სამეგრელოსა და იმერეთში), რის გამოც ტემპერატურა ვერ იმატებს. მიუხედავად ამისა, ტენდენცია მაინც იქით მიდის, რომ 22-23 ივლისიდან ტემპერატურის მატება მაინც დაფიქსირდება იმ დაბალ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც ბოლო დღეებში გვქონდა.
– აღნიშნეთ, რომ პროგნოზი ასე მოულოდნელად შეიცვალა. რა განსაზღვრავს ამგვარ არასტაბილურობას, რის გამოც პროგნოზები ხშირად არ მართლდება? ეს ყველაფერი გლობალურ, კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება?
– დიახ, ეს პროცესები პირდაპირ კავშირშია გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან. დედამიწის ზედაპირზე უამრავი რთული პროცესი მიმდინარეობს – ოკეანეებისა და ხმელეთის მიერ მზის ენერგიის შთანთქმა, ჰაერის მასების ცირკულაცია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ა.შ. დღეს, როდესაც ინფორმაციაზე ბევრად დიდი წვდომა გვაქვს, ვხედავთ, რომ ანომალიები აბსოლუტურად ყველგან ფიქსირდება. მაგალითად, გერმანიაშიც კი ისეთი ძლიერი სიცხეებია, რაც აქამდე არ ახსოვთ. კლიმატი ნამდვილად იცვლება და ამაზე უკვე ხმამაღლა შეიძლება საუბარი. ფაქტობრივად, ვეღარც ვიგებთ, როდის იწყება და როდის მთავრდება ზაფხული. ზამთარიც ბევრად თბილი და ნაკლებთოვლიანი გახდა ბარში, მთაში კი მოსული მცირე თოვლიც მალევე დნება, რაც მყინვარების შემცირებაზეც აისახება. ატმოსფეროში სინოტივის დაგროვება იწვევს ძლიერი, ვერტიკალური საწვიმარი, ძლიერი ღრუბლების წარმოქმნას. ამიტომაც არის, რომ წვიმა, ხალხური თქმით რომ ვთქვათ, „გაბრაზებული“ მოდის – უცებ უზარმაზარი ძალით ჩამოიცლება ხოლმე, რასაც ხშირად სეტყვაც თან ახლავს. ატმოსფერო თითქოს „გაღიზიანებულ“ მდგომარეობაშია (ცოტა იუმორშიც რომ გადავიტანოთ, თუმცა რეალობა ასეთია).
– გეთანხმებით…
– ფაქტია, რომ ადამიანის ჩარევით დედამიწის გარშემო სერიოზული ცვლილებები ხდება. ჩემი კარიერის დასაწყისშიც ყოფილა სიცხეები, მაგრამ მაშინ უბრალო ვენტილატორიც გვშველოდა. ახლა კი ატმოსფეროს შემადგენლობაც შეცვლილია. კლიმატის ცვლილების პროცესი წინ მიდის და სეზონები ერთმანეთს ფარავს. დიდი კვლევებია საჭირო, რომ იმ წინა პერიოდს რომ დაუბრუნდეს. ადრე თუ მოსახლეობას გვალვები აწუხებდა და ამიტომ სარწყავ არხებს აშენებდნენ, ახლა, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო გაზაფხულზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაც კი ვერ მოასწრეს, რაც პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობასა და მოსავლიანობაზე.
ძლიერი წვიმები წარსულშიც ყოფილა, მაგრამ ახლანდელი ნალექი ხშირად იწვევს ღვარცოფებსა და მეწყერებს, რადგან ნიადაგი ვეღარ ატარებს ამდენ წყალს. ადამიანი ხშირად არ არის ამისთვის მზად, რადგან პრაქტიკაში მსგავსი მასშტაბები არ გვქონია.წარსულის კლიმატი წარსულში დარჩა, მომავალი კი სულ სხვანაირია. ამისთვის შეუმზადებლები ვართ. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად გვჭირდება ადაპტაცია – როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფილა წვიმა, თოვლი, ყინვა ადრე დაბლობშიც მთაშიც, მტკვარიც გაყინულა, მაგრამ საშუალო გლობალური ტემპერატურის მატება ძალიან დიდია, რაც მყინვარების დნობის წინაპირობაა და ამ მიმართულებით მეცნიერებს კიდევ ბევრი მუშაობა მართებთ.