მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:26
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია – „ქოცური“ ნარატივი მშვიდობასთან დაკავშირებით სრული სისულელეა – არც კეთილდღეობა, არც მშვიდობა და არც სტაბილურობა თავის სილაში ჩარგვის პოლიტიკას ჩვენთვის არასდროს მოუტანია

IPN.ge 21 ივლისი, 2026 · 20:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე, რეგიონალურში, რაც შეიძლება მეტი ქაოსის და კრიზისის შექმნა. ეს არის რუსული ქცევის წესი, სადაც რუსეთი მიზნებს ვერ აღწევს, უბრალოდ ქაოსს მაინც ქმნის, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც Der Spiegel-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მოძრავ ობიექტს ეხებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის პარალელურად, „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი ქვეყნის დეოკუპაციისაკენ.

„რუსეთის ფაშისტური ფედერაცია განაგრძოს პროვოკაციებს. იქ, სადაც არის რუსეთი, ყოველთვის არის არასტაბილურობა, პროვოკაცია, სამხედრო კონფლიქტი ან მისი მცდელობა. ეს არის რუსეთის დაუწერელი ქცევის ლოგიკა. ეს არის რუსული დნმი გეოპოლიტიკაში და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე გაგრძელდე მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დამარცხდება ყველა იმ ფაშისტურ ბრძოლაში, რომელსაც ის საკუთარ მეზობლებთან აწარმოებს. მათ შორის, ჩვენს მოძმესთან და სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან. შემაშფოთებელია, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა არის მკვდარი. ის საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციისკენ არ არის მიმართული, „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა დეოკუპაციისკენ, თუნდაც ახალი ხედვის შექმნის ან ახალი პრაქტიკის მიღწევის კუთხით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ოფიციალურად გაუქმებული და მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც ევროპული კავშირის რომელიმე წევრს უნდა დაესხან თავს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს „ქოცური ყბადაღებული ნარატივი მშვიდობასთან დაკავშირებით სრული სისულელეა, რადგან არც კეთილდღეობა, არც მშვიდობა და არც სტაბილურობა თავის სილაში ჩარგვის პოლიტიკას ჩვენთვის არასდროს მოუტანია. რუსეთი ცდილობს დესტაბილიზატორის როლი შეიტანოს. რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ასევე, რეგიონალურში რაც შეიძლება მეტი ქაოსის და კრიზისის შექმნა. ეს არის რუსული ქცევის წესი, სადაც რუსეთი მიზნებს ვერ აღწევს, უბრალოდ ქაოსს მაინც ქმნის. ეს არის იმ ხელწერის გაგრძელება, რასაც რუსეთი ყოველთვის მისდევდა. ახლა მიზანი არის, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორია იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და იმ პოლიტიკურ-სამხედრო პროექტს, რომელში გაწევრიანებაც არის ჩვენი კონსტიტუციური და ეროვნული მიზანი დაესხას თავს და მის მიმართ აწარმოოს პროვოკაცია ჩვენი სუვერენული ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის რუსეთის მავნებლური, ბოროტი რეჟიმის სახე, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს, არაფრით არაა გამორჩეული და არ იცავს საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, Der Spiegel-ის ინფორმაციით, ანკარაში ნატო-ს სამიტის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთმა საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მისი საჰაერო სივრცისკენ მიმართული რაკეტა აღმოაჩინა. გამოცემის ცნობით, მოგვიანებით დადგინდა, რომ ობიექტი რუსული მიწა-ჰაერის კლასის რაკეტა იყო. Der Spiegel-ი წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7:00 საათზე, ნატო-ს სარადარო სათვალთვალო სისტემებმა მაღალსიჩქარიანი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც საქართველოდან [ოკუპირებული აფხაზეთიდან] თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მოძრაობდა. პოტენციური საფრთხის გამო, თურქეთის მალათიის პროვინციაში განლაგებული ბუნდესვერის „პეტრიოტის“ ტიპის ბატარეა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს.