მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 15:08
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები, მათ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები – საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 11:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად.
ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები – კ.კ. და კ.ა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით, შპს „სკაიფორტს“ ბარათაშვილის ქუჩა №139-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საფუძველზე, მათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები უნდა გადასცემოდათ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1 258 332 აშშ დოლარი და 411 897 ლარი მიითვისეს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდეგ, დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს და მათ არარსებული, საერთო ჯამში 1 287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი (ე.წ. „ჰაერი“) მიჰყიდეს, რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ.

საერთო ჯამში, ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1 688 374 აშშ დოლარისა და 411 897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე და 377-ე მუხლებით.

აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით”, – განაცხადა გამომძიებელმა ლევან წაქაძემ.