მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 00:51
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

როგორ და რა მეთოდებით ახერხებენ საქართველოში აკრძალული ნივთების შემოტანას – საზღვრებზე აღმოჩენილი კონტრაბანდა

Prime Time 26 ივლისი, 2026 · 22:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სახელმწიფო საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების პირველი ხაზია. ყოველდღიურად ამ ხაზს ათიათასობით ადამიანი და ათასობით ტონა ტვირთი კვეთს. უმრავლესობისთვის ეს ჩვეულებრივი მგზავრობაა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შემოტანას სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით ცდილობს.

ნარკოტიკები, საბრძოლო მასალები, ყალბი დოკუმენტები და მუდმივად ცვალებადი დანაშაულებრივი სქემები – როგორ ახერხებენ მებაჟეები და სამართალდამცველები მათი გეგმების ჩაშლას და რა ამოიღეს ბოლო პერიოდში საქართველოს საზღვრებზე.

კონტრაბანდა, გლობალური გამოწვევა – შენიღბული დანაშაული, რომლის მიზანი სახელმწიფო საზღვრების უკანონოდ გადაკვეთა და ქვეყანაში აკრძალული ან დეკლარირებისგან განზრახ დამალული ტვირთის შეტანა.

სარფის საზღვრიდან ყოველდღიურად საქართველოში ათასობით ადამიანი, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შემოდის. მებაჟე ოფიცრები, პოლიცია – მათი კოორდინირებული მუაობა არაერთი დაშიფრული სქემის გამოაშკარავებას და ქვეყნისთვის აცილებულ საფრთხეს უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ, აქ, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. საქართვლოში ჩანთით საბრძოლო ტყვიები მოჰქონდა.

საზღვარზე ყველა და ყველაფერი მოწმდება, განსაკუთრებით საეჭვო ვიზიტორები. სკანერები, გაწვრთნილი ძაღლები, სპეციალური მოწყობილობები – შესაძლო დამნაშავეები რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას გადიან. თუ დანაშაული დადასტურდება, კრიმინალური პოლიცია მოქმედებას იწყებს.

მებაჟეები საეჭვო ვიზიტორზე ინფორმაციას, ხშირად, სპეციალური მოწყობილობითაც იღებენ, რაც დამნაშავეების გეგმის ჩასაშლელად მარტივი გზაა.

საზღვაო საზღვარი – ფოთის პორტი, ადგილი, სადაც საქართველოში ტვირთის ყველაზე დიდი ნაკადი შემოდის. ამ უზარმაზარ კონტეინერებს გემიდან ხმელეთზე ტვირთავენ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზაზე, ბევრი ბარიერი უნდა გადალახონ. საეჭვო ტვირთი აქაც მკაცრ კონტროლს გადის.

საბრძოლო მასალით სავსე ავტომობილი საქართველოში კანადიდან გამოაგზავნეს. კრიმინალურმა პოლიციამ მისი ქართველი ადრესატი უკვე დააკავა.

მებაჟეებს იმპორტირებულ ავტომობილებში ნარკოტიკიც ხშირად ხვდებათ. ხშირად კონტრაბანდული ტვირთი თავად ავტომობილია – გაყალბებული საიდენტიფიკაციო კოდით.

სახმელეთო საზღვრებზე ხშირად ავლენენ ოსტატურად შენიღბულ ნარკოტიკებს. თუმცა კონტრაბანდას სხვა, ნაკლებად ხილული ფრონტიც აქვს – საჰაერო საზღვარი.

იანვრიდან დღემდე საქართველოს საზღვრებზე 200-ზე მეტი დამნაშავე დააკავეს. დააკავეს მათი აკრძალული ტვირთიც – ძირითადად ნარკოტიკი, მცირე ნაწილი – იარაღი. დანაშაულის გზები ხშირად იცვლება, არ იცვლება საზღვრის მცველის მიზანი – გაშიფროს უხილავი მტერი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ხაზის გარღვევას ცდილობს.