ნაგვის გორები, ანტისანიტარია და სიკვდილის პირას მიყვანილი ბავშვები – გამოქვეყნდა იმ ოთახის ფოტოები, სადაც 16 მოზარდი მშობლებს უმძიმეს პირობებში ჰყავდათ

უკვე რამდენიმე დღეა, მედია შემზარავ დანაშაულზე წერს – აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცავებმა რეიდის დროს, რომელიც სრულიად სხვა საქმეს უკავშირდებოდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 1-დან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი იპოვეს. და-ძმები წლების განმავლობაში გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.
-
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბავშვები “ველურ ცხოველებს“ ჰგვანან, ხოლო სახლში არსებული ვითარება “მესამე ქვეყნების“ პირობებსაც კი ჩამოუვარდება. ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში შინაურ ცხოველებსა და საქონელსაც კი ბევრად უკეთესი მოვლის პირობები აქვთ, ვიდრე ამ ბავშვებს ჰქონდათ.

ტყვეობა 13 კვადრატულ მეტრში და ნაგვის მთები
გამოძიების ინფორმაციით, 16 ბავშვი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გამოკეტილი იყო ერთ პატარა, დაახლოებით 13 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში. სახლიდან გავრცელებული ფოტოები საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ოთახები, სარდაფი და ეზო სავსეა ნაგვის მთებით, ექსკრემენტებით, ობის სოკოთი და კატის შარდის გაუსაძლისი სუნით.
კედლები მთლიანად გაშავებულია, ეზოში კი მხოლოდ რამდენიმე გატეხილი სათამაშო მიანიშნებდა იმაზე, რომ იქ ბავშვები ცხოვრობდნენ.

საშინელმა პირობებმა სავალალო კვალი დატოვა მოზარდებზე. მათ არასდროს უვლიათ სკოლაში, არ აქვთ ელემენტარული სოციალური უნარები და უმეტესობას მეტყველება არ შეუძლია. ყველაზე უფროსი, 18 წლის გოგონა, განვითარების მძიმე შეფერხებით გამოირჩევა – მას საკუთარი სახელის დაწერაც კი არ შეუძლია.
- ბავშვები სახლიდან ოჰაიოს სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. რამდენიმეს მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ საჭირო გახდა მათი ვერტმფრენით ტრავმატოლოგიურ ცენტრებში გადაფრენა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება.

ვინ არიან დამნაშავეები და რას ამბობენ მეზობლები?
საზარელი მოპყრობის გამო პოლიციამ ოჯახის 4 წევრი დააკავა: ბავშვების მშობლები და ბებია-ბაბუა. სამართალდამცავების თქმით, 33 წლის ელიზაბეთი და 36 წლის გარი (უმცროსი) საიდერსები ყველა ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არიან. ცნობილია, რომ ელიზაბეთი სულ რაღაც 15 წლის იყო, როცა გარის გაჰყვა ცოლად. მათთან ერთად ბრალდებულია ბაბუა – 73 წლის გარი საიდერსი უფროსი და ბებია – 67 წლის კრისტინა საიდერსი.

ადგილობრივი კვების ობიექტის მფლობელები იხსენებენ, რომ მშობლებს ხშირად ხედავდნენ, თუმცა ბავშვების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი თქმით, წყვილს ყოველთვის საშინელი სუნი ასდიოდა, დედა კი საეჭვოდ ჩუმად იყო და შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მას ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ ვერასდროს იფიქრებდნენ, თუ ამ გამხდარ ქალს 16 შვილი ჰყავდა, რადგან ქუჩაში ისინი არავის არასდროს უნახავს.
მოსალოდნელი მკაცრი განაჩენი
დაკავებულებიდან არცერთი არ აღიარებს ბრალს. დედა, მამა და ბებია ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და თითოეულისთვის გირაოს სახით 300 000 დოლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ბაბუას, იგი ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და ელექტრონული სამაჯურით (GPS) შინაპატიმრობა მიუსაჯა, რათა სახელმწიფოს არ მოუწიოს მისი მკურნალობის ხარჯების დაფარვა.

ოთხივე დაკავებულს ბრალი ედება ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებისთვის, თუ სასამართლო მათ დამნაშავედ ცნობს, ოჯახის თითოეულ წევრს 192 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.