მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 19:52
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 18:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, – აღნიშნულია განცხადებაში.