მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 16:52
სწრაფი სიახლე
კულტურა

“მასწავლებელმა თქვა: “ეს ბიჭი პატარა ქვეყნიდან მოდისო“, დიდხანს ეძებდა რუკაზე საქართველოს, ისეთი განცდა იყო, თითქოს არსაიდან მოვდიოდი” – გიორგი ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ”

Ambebi.ge 3 აგვისტო, 2026 · 15:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მსახიობი გიორგი ბაბლუანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო “სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ანა:

– გიორგი, მოგესალმებით. როგორ ხართ და ახლა რას საქმიანობთ?

– ახლახან დავასრულე გადაღებები გელასთან (ბაბლუანთან) ერთად, რომელიც სტალინზე იღებდა ფილმს. გადაღებების დიდი ნაწილი შარშან საქართველოში მიმდინარეობდა, ბოლო ნაწილი კი რიგაში, ლატვიაში გადავიღეთ. პარალელურად ვმუშაობ ჩემს პროექტზე თემურთან ერთად, სადაც, ასე ვთქვათ, რეჟისორიც ვარ და მსახიობიც.

ლიკა:

– მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ და შესაბამისი განათლება სად მიიღეთ?

– ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს გზა. ალბათ ბევრი მიზეზია და კონკრეტულად ერთის გამოყოფა რთულია. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მამა რეჟისორია და დედაც სამსახიობოზე სწავლობდა, კინო ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყო, თუმცა ჩემი პირადი მოტივაცია მაინც სხვა გზებით მოვიდა. ნელ-ნელა, ბავშვობაში, კითხვა შემიყვარდა. მახსოვს, ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, როგორებიცაა ირვინ შოუს “მდიდარი, ღარიბი…“, დიტერ ნოლის “ვერნერ ჰოლტის თავგადასავალი“, მოგვიანებით დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი“, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ამ პერსონაჟების ფსიქოლოგია ჩემთან ახლოს მოვიდა. როდესაც იმ ასაკს მივაღწიე, რომ პროფესია უნდა შემერჩია, ეს ყველაფერი – წაკითხული წიგნები, კინო და პირადი გამოცდილება – ერთად შეიკრიბა და მსახიობობა ჩემთვის სრულიად ბუნებრივ მდგომარეობად იქცა.

განათლება საფრანგეთში, თეატრალურ კურსებზე მივიღე, სადაც დაახლოებით სამი წელი ვსწავლობდი. ეს იყო ძალიან კარგი კურსები, ჩემი მასწავლებლები იყვნენ ვალენტინ კოენი და ფილიპ მიურელი. ფილიპ მიურელი უფრო სტანისლავსკის მეთოდით გვასწავლიდა, ვალენტინ კოენი – “აქტორს სტუდიოს“ (Actors Studio) პრინციპებით. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რადგან რასაც ერთი მასწავლებელი ერთი მეთოდით აგვაწყობინებდა, მეორე აბსოლუტურად საპირისპიროს გვეუბნებოდა. ამიტომ თვითონ ვპოულობდით ოქროს შუალედს – სად იყო სიმართლე და რომელი ჯობდა. პარალელურად სხვა კურსებსაც ვესწრებოდი, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ეს თეატრალური კურსები აღმოჩნდა.

სოფო:

– რამხელა იყავით საქართველო რომ დატოვა თქვენმა ოჯახმა და როგორი იყო ის პერიოდი თქვენთვის. გაგიჭირდათ ქართული გარემოდან ფრანგულ გარემოში გადანაცვლება და მასთან შეგუება?

– საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან საფრანგეთში მცირე ასაკში, 11-12 წლისა წავედი. საკმარისად მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ეს დედაჩემის, ლიას ინიციატივა იყო. მან გაიგო, რომ არსებობდა გზა ბავშვების საზღვარგარეთ გაგზავნისა და დიდი ნერვიულობისა თუ ვალების ფასად მოახერხა ჩემი და-ძმების გაგზავნა, მოგვიანებით კი მეც ჩავედი. პირდაპირ ფრანგ ბავშვებთან შევედი სკოლაში, სადაც აბსოლუტურად სხვა კულტურა, გარემო და მენტალიტეტი დამხვდა. მახსოვს, კლასში რომ შევედი და მასწავლებელი წარმადგენდა, კედელზე გაკრულ რუკაზე მიუთითა და თქვა: “ეს ბიჭი პატარა ქვეყნიდან მოდისო“.

დიდხანს ეძებდა რუკაზე საქართველოს და ძლივს იპოვა. ეს ისეთი განცდა იყო, თითქოს არსაიდან მოვდიოდი. არადა, საქართველოში პირიქით განცდა მქონდა – მეგონა, რომ მართალია მცირე ტერიტორიასა და მოსახლეობას წარმოვადგენდით, მაგრამ დიდი კულტურის შვილები ვიყავით და განსაკუთრებულები. ამ დროს ჩადიხარ და ეჯახები რეალობას, სადაც შენ შესახებ არაფერი იციან. თან იმ ასაკში ჩემი მეგობრები და ჩემი გარემო საქართველოში ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა – იმ პერიოდის უშუქობასა და სიცივეშიც კი ყველაზე ძვირფასი ის სითბო და ურთიერთობები იყო, რაც საქართველოში მქონდა.

საფრანგეთში კი მაშინვე თავისუფლად ვერ ვლაპარაკობდი ფრანგულად; თუმცა ცოტა მომამზადეს, სანამ წავიდოდი, მაგრამ ბავშვებთან თავისუფლად კომუნიკაცია მაინც მიჭირდა. დრო დაჭირდა იმასაც, რომ ორივე კულტურის ოქროს შუალედი მეპოვა – მათი გამეგო და ჩემიც შემენარჩუნებინა.

ნათია:

– როდესაც თქვენმა ძმამ – რეჟისორმა გელა ბაბლუანმა მის ფსიქოლოგიურ თრილერში “13“ თამაში შემოგთავაზათ, როგორ შეხვდით ამას და როგორ იხსენებთ მასზე მუშაობის პერიოდს?

– რაც შეეხება ფილმ “13“-ს (13 Tzameti): როდესაც გელამ ამ ისტორიაზე ფიქრი დაიწყო, 15 წლის ვიყავი. მომიყვა სიუჟეტი და ძალიან მომეწონა. სანამ პროექტი დაალაგა და დახვეწა, დრო გავიდა. მე უკვე თეატრალურზე ვსწავლობდი და თითქმის ვამთავრებდი, როდესაც უშუალოდ სამზადისი დაიწყო. გელას თავისი პროდაქშენი ჰქონდა და რადგან თეატრალური კურსების შემდეგ საღამოობით ხშირად შევდიოდი მასთან, ამ პროცესს თვალს ვადევნებდი. მერე კასტინგი გამოაცხადა. მითხრეს, მეც გამევლო კასტინგი. რეპლიკას ჩემი დისშვილის ნასტასიას მამა, ფრანგი ბიჭი მიწევდა. რომ გამოვედით, მითხრა: “ძალიან კარგი იყავი, მაგრამ მგონი, გელა ბოლომდე კმაყოფილი არ არისო“. ცოტა ხანში გავიგე, რომ სხვა მსახიობი დაამტკიცა. გული კი დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ეტყობა, თავისი მიზეზები აქვს-მეთქი.

გადაღებების დაწყების წინა დღეს, როდესაც გადამღები ჯგუფი უკვე პარიზში იყო წასული, საღამოს 9 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ გელამ აზრი შეიცვალა, ხვალ დილით იწყება გადაღებები და სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო. იმ წუთას გადაწყვეტილება ვერ მივიღე, ცოტა დავიბენი, მზად არ ვიყავი. კინოში შევედი ფილმის სანახავად. იქ სიტუაცია გავაანალიზე, გამოვედი და დავურეკე: “კარგი, დილით მანქანა გამოაგზავნეთ და ჩამოვალ-მეთქი“. გადაღებაზე მაშინვე საქმეში ჩავერთეთ. ინტენსიური და ხანგრძლივი პროცესი იყო. შინაგანად მზად ვიყავი, რადგან “თეატრალურში“ ვსწავლობდი, სცენარიც ზედმიწევნით ვიცოდი და ბუნებრივად შევედით სამუშაო რიტმში.

ამ ფილმმა ჩემს კარიერაში უდიდესი ადგილი დაიკავა. პირველი როლი იყო და უამრავი პრიზი აიღო: ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი“ (საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის) და საერთაშორისო კრიტიკოსთა პრიზი (FIPRESCI), სანდენსის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ევროპული კინოაკადემიის პრიზი (European Film Award). ჰოლივუდიც დაინტერესდა რიმეიკის გადაღების უფლებით. როდესაც პირველივე როლი ასეთ გახმაურებულ პროექტშია, ეს ძალიან შთამბეჭდავია და უდიდესი მოტივაციის წყაროა.

თენგო:

– რას იტყვით სვანეთზე და სვანურ ტრადიციებზე? აქვე გავიხსენოთ ფილმი “მემკვიდრეობა“ და შევაფასოთ, რომელშიც თამაშობთ…

– ალბათ, ჩვენ, ქართველებს, მაინც უფრო რთული, ადამიანურ ტკივილზე დაფუძნებული სიუჟეტები გვიყვარს. ჩვენს კულტურაში სიბრძნით შექმნილი ძველი ტრადიციებია. ფილმ “მემკვიდრეობაშიც“ ამ ტრადიციების ერთ-ერთ კომპონენტზე – უფრო ტრაგიკულ მხარეზეა ლაპარაკი. გვიხაროდა, რომ საშუალება გქონდა, ჩვენს ტრადიციებსა და ტკივილზე ეგზისტენციალურად ემუშავა და ეს მსოფლიოსთვის გაგვეზიარებინა.

“მემკვიდრეობამაც“ სანდენსის ფესტივალზე აიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. ვენდეტა სხვა რეგიონებშიც არსებობს, მაგრამ იმ ფორმით, როგორც “მემკვიდრეობაშია“ ნაჩვენები, თავისი კუთხური განსაკუთრებულობა აქვს, რაც საინტერესო აღმოჩნდა უცხოელი მაყურებლისთვისაც. არ მგონია, რომ თანამედროვეობაში ვენდეტას ტრადიცია მუშაობდეს, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში პერსონაჟს თავისი გამართლება აქვს – ბაბუა წყვეტს, თავი შესწიროს, ოღონდ, ოჯახს მშვიდობა დაუბრუნდეს. ფილმში ასევე საინტერესოდაა წარმოჩენილი უცხოელების მხარე, რომლებიც თავიანთი კეთილი სურვილებით, ფაქტობრივად, უფრო არღვევენ და ამძიმებენ სიტუაციას. ცხოვრების ეს კომპლექსურობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ნანიკო:

– რას გვეტყვით თემურ ბაბლუანზე როგორც შემოქმედზე და როგორც მამაზე? გიკამათიათ მასთან? მისი მთავარი რჩევა თქვენ მიმართ რა არის? რატომღაც მგონია, რომ მისთვის დამჯერი შვილი ხართ…

– მამა, ალბათ, ყველაზე ძვირფასი ადამიანია ყველა კაცის ცხოვრებაში. კამათით, რა თქმა უნდა, მიკამათია მასთან. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთში კამათი – ეს აუცილებელი თვისებაა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას მიაგნო. კამათში შენი აზრიც იხვეწება და მეორისაც უკეთ გესმის. მთავარია, დარწმუნებული იყო ოპონენტის გულწრფელობაში, რომ მასაც საუკეთესო შედეგი უნდა. ასეთ დროს კამათი აბსოლუტურად ჯანმრთელი მდგომარეობაა. თემური ხშირად იძლევა ცხოვრებისეულ, პატარ-პატარა რჩევებს. ალბათ, ყველაზე მთავარი, რასაც ის გარშემომყოფებს გადასცემს, შენიანების ერთგულებაა.

როგორც დამჯერი შვილი – ასეთი არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს და ბოლომდე იბრძოლოს მისთვის. თუმცა, სხვისი პოზიციის გათვალისწინებაც აუცილებელია. შეიძლება გარეგნულად დამჯერად გამოვჩნდე, რადგან მიყვარს მეორე ადამიანის მოსმენა და გათვალისწინება (მიუხედავად იმისა, დავეთანხმები თუ ჩემი გზით წავალ), მაგრამ პირდაპირი გაგებით “დამჯერი“ მაინც არ ვარ. მამაჩემზე ლაპარაკი ჩემთვის ცოტა რთულია – ჩემთვის ის, პირველ რიგში, მამაა, ხოლო მისი, როგორც ხელოვანის შეფასება სხვების საქმეა. ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ, სითბო და ზრუნვა გამოვიჩინოთ.

კატო:

– ორი ძმა და ორი და ხართ – თქვენთვის, დედმამიშვილებითვის რა არის მთავარი და როგორ გზრდიდნენ მშობლები?

– რაც შეეხება ჩვენს და-ძმობას და აღზრდას: ბავშვობაში ბევრი საშუალება არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რაც მივიღეთ, იყო სიყვარული და ის ფასეულობები, რისთვისაც ჩემი მშობლები იბრძოდნენ. დედაჩემს ძალიან უყვარდა თეატრი, წიგნი, შემოქმედება და ხშირად გვაძლევდა საშუალებას (ზოგჯერ გვაძალებდა კიდეც), რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან შევჭიდებოდით და გაგვეაზრებინა. დედა აბსოლუტურად თავდადებული იყო ჩვენზე და ეს თავდადებულობა მაგალითი გახდა ჩემთვის, თუ როგორ უნდა იურთიერთო ადამიანთან და რა არის ცხოვრების მთავარი არსი.

ბელა:

– თქვენი პაპა, დედის მხრიდან – ანდრო, ძვირფასი ადამიანი იყო… ბიძაჩემს ხშირად სტუმრობდა, საინტერესო საუბარი იცოდა… ბავშვი ვიყავი და მიყვარდა, მათი მოსმენა… თქვენ რას გვეტყვით მასზე?

– პაპას (დედის მამას) სამწუხაროდ არ ვიცნობდი, იგი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. თუმცა ბევრი მსმენია მასზე – ძალიან თბილი, ვაჟკაცი და განსაკუთრებული ადამიანი ყოფილა. ოთხი გოგოს მამა იყო და სადაც არ უნდა ვახსენო, იმ წრეში ყველას განსაკუთრებული მოგონებები აქვს მასზე.

უცნობი:

– კინოს გარდა დროს რას უთმობთ – რა გატაცებები გაქვთ?

– ჩემი ინტერესები ძირითადად შემოქმედებას უკავშირდება. თავად არ ვხატავ, მაგრამ თუ საშუალება მაქვს, სიამოვნებით დავდივარ მუზეუმებში, ვკითხულობ წიგნებს, ვმუშაობ ფოტოგრაფიაში. ასევე, წლები გავატარეთ სცენარზე მუშაობაში – მე და თემურმა ერთად ვიმუშავეთ. გარდა ამისა, ჩემი ინტერესებია სპორტი და ოჯახი.

დათო:

– როგორია ორ ქვეყანას შორის ცხოვრება?

– ორ ქვეყანასთან (საქართველოსა და საფრანგეთთან) ასეთი მჭიდრო კავშირი ბავშვობიდან – დიდი სიმდიდრეა, თუმცა ზოგჯერ დამაბნეველიც. არის რაღაცები, რაც ერთ ქვეყანაში აბსოლუტურად მიღებულია, მეორეში კი – მისი რადიკალურად საპირისპირო აზრი ჭარბობს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც დიდ პრივილეგიად მიმაჩნია. ქართველებს უამრავი უნიკალური, დადებითი მხარე გვაქვს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასია; ფრანგებსაც უამრავი პლიუსი აქვთ, უდიდესი კულტურისა და აზროვნების პატრონები არიან.

ნაიკო:

– ქართულ და ფრანგულ ღვინოს შორის რა სხვაობაა?

– ღვინო ჩვენ გამოვიგონეთ, მერე ფრანგებმაც გაითავისეს და საკმაოდ კარგადაც. მართალი გითხრათ, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ტექნოლოგია ფრანგებმა ძალიან დახვეწეს და ამით ჩვენზე წინ არიან, მაგრამ როდესაც სოფელში მოხვდებით და ოჯახში გამოყვანილ ნამდვილ ღვინოს გასინჯავთ, იქ უკვე უპირატესობა, ვფიქრობ, ჩვენს მხარესაა.

ლილიკო:

– თქვენი ოჯახი, მეუღლე, შვილები – გაგვაცანით ისინი და აქვე გვითხარით რა საოჯახო ტრადიციები გაქვთ?

– ჩემი მეუღლე არის ბოიანა პანიჩ-ბაბლუანი, წარმოშობით სერბი. იგი მოდელი იყო და კინოშიც თამაშობდა. ერთმანეთი კინოგადაღებებზე გავეცანით და უკვე 18 წელია ერთად ვართ. გვყავს ორი ვაჟი: უფროსი 17 წლისაა, მას ქართული სახელი – გელა (ჩემი ძმის პატივსაცემად) და სერბული სახელი – ვუკ ჰქვია (გელა-ვუკი); უმცროსი 12 წლისაა, მას თემო-მატეო ჰქვია (თემო მამაჩემის, თემურის პატივსაცემად).

სერბები ძალიან ჰგვანან ქართველებს, ბევრი საერთო დადებითი თვისება გვაქვს. შესაძლოა, ეს რელიგიიდანაც გამომდინარეობს – ისინიც მართლმადიდებლები არიან. მსგავსი ისტორიული ეპიზოდებიც გვაქვს: ისიც, თუ როგორ იბრძოდნენ თავიანთი რელიგიისა და თვითმყოფადობის გადასარჩენად. ამიტომ ღირებულებებში ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს. თუმცა, ოჯახში ძირითად ენად ფრანგული გვაქვს, ერთმანეთში ფრანგულად ვლაპარაკობთ. ჩვენი ყოველდღიურობა ამ სამი ქვეყნის (საქართველოს, სერბეთისა და საფრანგეთის) კულტურისა და ტრადიციების შერწყმაა.

თეა:

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და სურვილები?

– როგორც აღვნიშნე, მე და თემური ერთად ვიღებთ კინოს და ახლო მომავალში ჩემი უმთავრესი ყურადღება სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა. პროექტს რამდენიმე სამუშაო სათაური აქვს და ჯერ თავს შევიკავებ დასახელებისგან. ფილმის შექმნა ხანგრძლივი პროცესია, დაახლოებით წელიწად-ნახევარი ან ორი წელი სჭირდება თავისი გადაღებებით, მონტაჟითა და პოსტპროდაქშენით.

დიდი მადლობა ყველა ამ შეკითხვისთვის და იმედი მაქვს, მალე კვლავ მოგვიწევს შეხვედრა და კომუნიკაცია!



<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/vdb2rLNybrA?si=PfkCwW4-i759rdMN” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>