მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 23:08
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზვიგენის საიდუმლოს ახადოს ფარდა – რა ხდება ცნობილი გადაშენების პირას მყოფი სახეობის შესახებ?

Ambebi.ge 18 აგვისტო, 2026 · 22:15 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

როგორ ახერხებს ავტობუსის ზომის თევზი ადამიანის თვალისგან დამალვას? სად ევლინებიან სამყაროს ვეშაპისებრი ზვიგენის ლიფსიტები? – ეს დღემდე უცნობი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩენილმა ახალშობილმა შესაძლოა ამ გიგანტური თევზების გამრავლების საიდუმლოს მოჰფინოს ნათელი.

ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე მდებარე სალეჰის ყურე თითქმის სრულად დახურული აუზია. მას ვიწრო სრუტე კვებავს, რომელსაც ოკეანის სიღრმიდან გრილი და საკვებით მდიდარი წყალი მოაქვს. ადგილობრივებისთვის ეს მიქცევ-მოქცევა უხვ სკუმბრიასა და კალმარს ნიშნავს, რომლებსაც ტივტივა პლატფორმებიდან “ბაგანებიდან“ იჭერენ.

მეთევზეები ღამით მუშაობენ: წყალში პროჟექტორებს ანათებენ, რათა თევზი ბადეებისკენ მიიზიდონ. თუმცა, 2024 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით დილის 04:30 საათზე, მათ ადგილობრივ მეცნიერებს შეატყობინეს, რომ ბადეში უჩვეულო სტუმარი გაება. გადაღებულ ვიდეოზე აღბეჭდილ თევზს პირი ფართოდ გაეღო, ხშირ-ხშირად დაწინწკლული მუქი სხეული კი ღამის ცას მიუგავდა.

ვეშაპისებრი ზვიგენი მსოფლიოში უდიდესი თევზია, თუმცა ეს ინდივიდი რეკორდსმენისგან შორს იდგა: მისი სიგრძე სულ რაღაც 1.5 მეტრი იყო (ზრდასრული ზვიგენის სიგრძე 15 -20 მეტრს აღწევს) ასაკი კი სავარაუდოდ 4 თვეს შეადგენდა. საზღვაო მკვლევარ მოჩამად იქბალ ჰერვატა პუტრასთვის სწორედ ეს არსების მცირე ზომა გახადა სენსაციის მიზეზი, თევზი ინდონეზიაში აღმოჩენილი პირველი ახალშობილი ვეშაპისებრი ზვიგენი გახლდათ, ერთ -ერთი იმ რამდენიმე ათეული ეგზემპლარიდან, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე არის ცნობილი.

მთელი პლანეტის თბილ წყლებში ფართო გავრცელებისა და გიგანტური ზომების მიუხედავად, ადამიანს არასდროს უნახავს ვეშაპისებრი ზვიგენის შეწყვილების ან ახალშობილის დაბადების პროცესი. ამან მეცნიერებში მრავალი თეორიას დაუდო საფუძველი.


  • ოკეანის გიგანტები და “მეგადედა“

ექვსი სპილოს წონის ზრდასრული ვეშაპისებრი ზვიგენი დედამიწის უდიდესი ცივსისხლიანი ცხოველია. ისინი მარტოხელა მოგზაურები არიან, რომლებიც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ღია ოკეანეში ატარებენ, რის გამოც XX საუკუნის ბოლომდე მათზე ძალიან მცირე ცნობები არსებობდა.

90-იან წლებში მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ზვიგენები სეზონურად, ხანდახან ასობით ინდივიდიც კი კონკრეტულ სანაპიროებთან იკრიბებოდნენ (მაგალითად, მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულთან). მათზე მიმაგრებულმა სათვალთვალო ჩიპებმა აჩვენა, რომ გიგანტურ თევზებს გლობალური მიგრაცია შეუძლიათ, ერთ-ერთმა მდედრმა 7 000 კილომეტრიც კი გაცურა.

ვეშაპისებრი ზვიგენის შობადობის შესახებ ყველაზე დიდი საიდუმლოს 1995 წელს, ტაივანში აეხადა ფარდა. მეთევზეების მიერ დაჭერილი 10-მეტრიანი მდედრის, მეტსახელად “მეგადედის “ გამოკვლევით დადგინდა, რომ მის ორ საშვილოსნოში 304 განაყოფიერებული კვერცხი და ემბრიონი იმყოფებოდა. ამით დამტკიცდა, რომ ეს სახეობა ცოცხალმშობიარეა (კვერცხი სხეულის შიგნით იჩეკება და შემდეგ ცოცხალი ლიფსიტა იბადება).


  • ღრმა წყლის საფარი და ახალი იმედი

დღემდე მეცნიერებისთვის სულ 33 ახალშობილი ვეშაპისებრი ზვიგენია ცნობილი. მკვლევარ ფრეია უომერსლის დაკვირვებით, ლიფსიტებს ხშირად ჟანგბადით ღარიბ ზონებში პოულობენ. ეს ბადებს ვარაუდს, რომ დედები ლიფსიტებს განზრახ აჩენენ ისეთ გარემოში, სადაც დაბალი ჟანგბადის გამო მტაცებლები (მაგალითად, ლურჯი ზვიგენები ან მარლინები) ვერ შედიან, ხოლო ზონის საზღვრებთან დაგროვილი პლანქტონი პატარებისთვის იდეალური საკვებია.

დღესდღეობით ვეშაპისებრი ზვიგენების პოპულაცია 1980-იანი წლების შემდეგ განახევრდა და სახეობა გადაშენების პირას იმყოფება. სალეჰის ყურეშიც კი, სადაც მეთევზეები ადრე ზვიგენებს საფრთხედ აღიქვამდნენ, დამოკიდებულება შეიცვალა, ახლა აქ გიგანტური თევზი ეკოტურიზმის მთავარი ცენტრად იქცა.

ორგანიზაცია “Konservasi Indonesia“ ყურის ჩრდილოეთით საზღვაო დაცული ტერიტორიის შექმნას გეგმავს. მონიშნული 25 ზვიგენიდან უმეტესობა დროს სწორედ ამ უსაფრთხო, საკვებით მდიდარ ყურეში ატარებს. მეცნიერთა თქმით, ამ კრიტიკული ჰაბიტატის დაცვა სახეობის პოპულაციის აღდგენის მთავარი გასაღებია.

წყარო

იხილეთ ასევე: