ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში გაიმართა პრაქტიკული სემინარი გაიმართა

ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში გაიმართა პრაქტიკული სემინარი თემაზე „ორგანული მევენახეობის განვითარების პერსპექტივები აჭარის რეგიონში“.
სემინარს უძღვებოდა ტოკაის (უნგრეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანული მევენახეობის ექსპერტი ბარნაბაშ კოვაჩი. შეხვედრის მიზანს ორგანული მევენახეობის მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობა და აჭარის რეგიონში მათი დანერგვის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
სემინარს ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი, ცენტრის აგრონომები, ადგილობრივი აგროსპეციალისტები, ექსტენციონისტები, სტუდენტები და ფერმერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს აჭარის რეგიონში ორგანული მევენახეობის განვითარების პოტენციალსა და თანამედროვე პრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას, ასევე ქართველ ფერმერებსა და უნგრელ სპეციალისტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, თანამედროვე აგროტექნოლოგიების პოპულარიზაციას და საქართველოში მდგრადი, ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი და კონკურენტუნარიანი მევენახეობის განვითარების ხელშეწყობას