განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020-2023 წლებში მის საკუთრებაში არსებული ორი კომპანიის სახელით განზრახ აარიდა თავი სახელმწიფოს კუთვნილი 562 908 ლარის გადასახადების გადახდას. ასევე, დაამზადა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის და მიიღო 22 082 ლარი და 155 240 ლარის დღგ-ს ჩათვლა, ხოლო 11 822 ლარის დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურში არ დაკმაყოფილდა.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 218-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.